ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და სამრევლო სკოლების საატესტატო გამოცდებში ათქულიანი შედეგის მქონე კურსდამთავრებულებს უმასპინძლა. შეხვედრას ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი, სკოლის დირექტორები და კურსდამთავრებულთა დამრიგებლები ესწრებოდნენ.
ბეგლარ სიორიძემ #1, #2, #4 და წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სამრევლო სკოლის 16 კურსდამთავრებულს საჩუქრად 200 ლარი გადასცა და თითოეულ მათგანს წარმატებები უსურვა.
‘’ძალიან მეამაყება, რომ ქალაქ ოზურგეთში ამდენი წარმატებული კურსდამთავრებული გვყავს, რომლებმაც გამოცდებზე უმაღლესი შედეგი აჩვენეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო როგორც კურსდამთავრებულებს, ასევე, მათ მშობლებსა და პედაგოგებს, რომლებმაც ამ ახალგაზრდების წარმატებაში უზარმაზარი წვლილი შეიტანეს. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანის მომავალი ძალიან წარმატებული იქნება და ისინი საკუთარ ქალაქსა და ქვეყანას გამოადგებიან”, _ აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე.
წელს გამოცდები ოთხ საგანში ჩატარდა, სადაც ქალაქ ოზურგეთის საჯარო და სამრევლოს სკოლის მოსწავლეებმა საკმაოდ მაღალი შეფასებები მიიღეს. (R)