“მეამაყება, რომ მქონდა საშუალება, ჩემი საყვარელი ქალაქის და ხალხის მერი ვყოფილიყავი” _ ასე მიმართა ქალაქ ოზურგეთის ყოფილმა მერმა ბეგლარ სიორიძემ თანამშრომლებს, რომელსაც დღეს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა მოუწყვეს.
“მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ განვლილი სამი წლის მანძილზე გაწეული შრომისთვის. რომ არა თქვენი პროფესიონალიზმი და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მე ვერ შევძლებდი იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც ჩვენს ქალაქს მნიშვნელოვნად წაადგა.
ჩვენ ერთად ვშრომობდით ჩვენი ქალაქის წინსვლისა და განვითარებისთვის, რათა მომავალ თაობას უკეთეს ოზურგეთში ეცხოვრა. ვფიქრობ, ამ მხრივ ბევრ მნიშვნელოვან საქმეს ჩავუყარეთ საფუძველი.
ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“, რადგან მომცა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი ჩვენი ქალაქის მერი და მეზრუნა მუნიციპალიტეტის პროგრესსა და ხალხის კეთილდღეობაზე. წარმატებებსა და პროფესიულ წინსვლას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც თქვენი საქმიანობა წარმატებული იქნება,” _ მიმართა მერიის თანამშრომლებს ბეგლარ სიორიძემ.
































































