“ერთიანი ნაცონალური მოძრაობა” ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართავს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოფელ ძიმითში, სავარაუდოდ, დაფიქსირდა მოსყიდვის ფაქტი.
“ოზურგეთის #60-12 მაჟორიტარულ ოლქსი მპგ “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე მგელაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვდება მოსახლეობას.
ერთ-ერთი შეხვედრისას, სოფელ ძიმითში მაჟორიტარობის კანდიდატმა, ტიტე მგელაძემ მოსახლეობას გადასცა წყლით სავსე რეზერვუარი. აღნიშნულს არ უარყოფს თავად კანდიდატიც და მედიაში გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერში ამბობს, რომ მან პირადად შეიძინა 3 დღის წინ, 24 სექტემბერს, გადაიხადა 7 200 ლარი ამ რეზერვუარში და საჩუქრად გადასცა სოფელ ძიმითის მცხოვრებლებს.
აღნიშნული ქმედება შეიცავს წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს, რომელიც აკრძალულია საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლით. ამომრჩეველთა მოსყიდვა _ ეს არის კანდიდატის მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად ნათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის, გარდა სააგიტაციო მასალისა, მიწოდება ან გავრცელება.
ყოველივე ზემო თქმულიდან გამომდინარე, მოგმართავთ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აღნიშნული ფაქტის შესახებ. მოვითხოვთ, შესაბამისი რეაგირება მოახდინოთ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე, რათა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნებში საარჩევნო სუბიექტებმა და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებმა თანაბარ და კონკურენტულ გარემოში შეძლონ კამპანიის წარმართვა”, _ აღნიშნულია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაში.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამარ ტრაპაიძე ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, კანონის გათვალისწინებით უნდა მოხდეს კანდიდატის მოხსნა.
“გურია ნიუსი” ტიტე მგელაძეს დაუკავშირდა:
_ ბატონო ტიტე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ითხოვს, კანონიდან გამომდინარე, მოიხსნას თქვენი კანდიდატურა…
_ კანონი იმასაც მოითხოვს, რომ უწყლობის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ ადამიანებს_ 65 ოჯახი უწყლოდაა. არჩევნების შემდეგ გავაკეთებ კომენტარს და საზოგადოებას აუცილებლად მივაწოდებ სრულ ინფორმაციას, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ტიტე მგელაძემ.
[sexy_author_bio]