კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის კიდევ ორი პირი დააკავეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი ის მამაკაცია, რომელიც შენობაში რქიანი ჩაფხუტით და ამერიკის დროშის ფერებში მოხატული სახით შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას washingtonpost ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიციის თქმით, დაკავებული არიზონას შტატში მცხოვრები ენტონი ჩენსლია, რომელიც კაპიტოლიუმთან პრეზიდენტი ტრამპის მოწოდებით მოვიდა.
მას ხულიგნობასა და სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.
“ჩენსლის თქმით, ის კაპიტოლიუმთან არიზონელი “პატრიოტების” ჯგუფთან ერთად მოვიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ყველა “პატრიოტს” მოუწოდა 6 იანვარს კაპიტოლიუმთან შეკრებილიყვნენ”, – ამბობენ ამერიკის ადვოკატთა ოფისში.
33 წლის ჩენსლი შეთქმულების თეორიის, ე.წ. QAnon-ის მიმდევარია, რომლის მიხედვითაც, დემოკრატიული პარტია ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციას ლობირებს, დონალდ ტრამპი კი დანაშაულებრივი ქსელის წინააღმდეგ იბრძვის. ის ერთ-ერთია იმ აქტივისტთაგან, ვინც 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა და საკანონმდებლო ორგანოს დარბევაში მიიღო მონაწილეობა.
პოლიციამ ვითარების კონტროლქვეშ აყვანა რამდენიმე საათში შეძლო და 50-ზე მეტი აქტივისტი დააკავა.