„თუკი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ დაბრუნდება, 2020 წლისთვის ქვეყანაში საშინელი მდგომარეობა შეიქმნება და სამოქალაქო დაპირისპირებამდეც მივალთ“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა და კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ.
ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერება სახელმწიფო სისტემის კანონზომიერად მართვასაც გამოიწვევს.
„ქვეყანაში პრობლემები დღითიდღე ყველა სფეროში ჩნდება, მოსახლეობა კატასტროფულად ღატაკდება, მცირე ჯგუფი კი მდიდრდება. ამ დროს, ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს სამართავად მისთვის კომფორტულ ადგილზეა მოკალათებული. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერების შემთხვევაში გაჩნდება შანსი იმისა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს, თუმცა არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერებაა საკმარისი, ქვეყანაში აუცილებელია ეფექტური რეფორმების გატარება.
სახელმწიფო სისტემის მართვას საკუთარი კანონზომიერება აქვს და როდემდე უნდა ირღვეოდეს მართვის სისტემის სადავეები?! თუ „ქართულ ოცნებას“ გადარჩენა სურს, ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერების შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას“, _ აღნიშნა ძაბირაძემ.