როცა გამორჩეული ადამიანი ტოვებს ჩვენს რიგებს, ჩვეულებრივ იტყვიან _ ღმერთსაც კარგი უნდაო.
72 წლისა გარდაიცვალა სიმონ ნიჟარაძე.
ეს ყოველმხრივ რაფინირებული, დახვეწილი ინტელიგენტი, ცნობილი სპორტსმენი-წყალბურთელი, ქველმოქმედი, ხელოვანი, ზღვა ენერგიის ადამიანი ამ ქვეყანაზე მხოლოდ იმისთვის იყო მოვლენილი, რომ სიკეთე ეთესა და გაჭირვებულებს დახმარებოდა.
რუსეთის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი, საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციის “მოსკოვის საერთაშორისო ფონდი იუნესკოს დასახმარებლად” წევრი სიმონ ნიჟარაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მონუმენტური და დეკორატიული ხელოვნების კომბინატს, როგორც დიზაინერი და მხატვარი ის აწარმოებდა მცირე ფორმების არქიტექტურულ ნიმუშებს ურბანული გარემოს გასაფორმებლად. მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენებსა და კონკურსებში. მან შეიმუშავა და განავითარა ახალი ტექნოლოგიები, რომელიც გამოიყენეს მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძრის მშენებლობისას. იგი მონაწილეობდა ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი მონუმენტების დამონტაჟებაში – ბედნიერება მსოფლიოს ბავშვებს (აშშ), მარად მეგობრობა (მოსკოვი), სიკეთე ამარცხებს ბოროტებას (აშშ), მემორიალური კომპლექსი მოსკოვის ,,პაკლონნაია” მთაზე, მანეჟის მოედანი, მონუმენტი “საქართველოს ისტორია” და მრავალი სხვა.
როგორც ერთი პოეტი ამბობდა _ მე სიკვდილის არ მეშინიაო, მეშინია რომ სამუდამოდ გავქრებიო. ეს არ ემუქრება სიმონ ნიჟარაძეს, რადგან მისი ცხოვრება მისი ოჯახის, მეგობრების და ახლობლების მეხსიერებაში გაგრძელდება…
ირაკლი მახარაძე
































































