სწრაფი, ხარისხიანი და შესაბამისი ფასის ინტერნეტის გარეშე, სახელმწიფო სერვისების მიღება, ციფრული ეკონომიკის განვითარება და კარგი განათლების მიღება დღეს უკვე წარმოუდგენელია სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ინტერნეტიზაციის დონით ბევრად ჩამორჩება ჩვენნაირ ან უფრო რთული რელიეფის მქონე სხვა ქვეყნების დონეს, სადაც 100%-ით არის მიღწეული ინტერნეტიზაცია. ჩვენთან, განსაკუთრებით რეგიონებში, ინტერნეტის ფასები ძვირია, ხარისხი – დაბალი, მომსახურება კი _ ხარვეზიანი.
ია, რომელიც ჩოხატაურში ცხოვრობს და სამუშაოდ მაღალხარისხიანი ინტერნეტი სჭირდება, ამბობს, რომ ძალიან ეშლება ხელი: _ ოჯახური პირობების გამო, იძულებული ვარ, აქ, სოფელში ვიყო და დისტანციურად ვიმუშაო. არასტაბილურ, უხარისხო და მუდამ “გაჭედილ” ინტერნეტში 32 ლარს ვიხდი! არადა, მაღალმთიან, მიუდგომელ სოფელში კი არა, ცენტრიდან ხუთიოდე კილომეტრში ვცხოვრობ. იძულებული ვარ, დავტოვო აქაურობა _ კარგი ინტერნეტი რომ მქონდეს, არსად წავიდოდი და ჩემი სახლი, მეზობლების სახლებივით, არ გამოიკეტებოდა.
არადა, ინტერნეტით სარგებლობის უფლება, სასიცოცხლო კონსტიტუციური უფლებაა.
2016 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა საბჭომ ინტერნეტზე წვდომა გამოაცხადა ადამიანის ძირითად უფლებად, რომელიც პიროვნებას უნდა აძლევდეს “საკუთარი აზრისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტიას”.
“ინტერნეტი XXI საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია ინფორმაციის გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და მოქალაქეების აქტიური მონაწილეობის ხელშესაწყობად დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობაში“, _ წერია საბჭოს მოხსენებაში.
საქართველოს განახლებული კონსტიტუციის მე-17 მუხლში შევიდა ჩანაწერი, რომლის მიხედვით, “ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება”.
ამდენად, ჩვენს სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, ინტერნეტი გახადოს ფართოდ ხელმისაწვდომი. ამ ინფრასტრუქტურის აწყობა-გამართვა (ხელმისაწვდომი, იაფი ინტერნეტი, მიმღები აპარატურა, მონაცემთა საცავები და სხვა) კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც წარმოება-მიწოდების, ზოგადად, ციფრული ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე, საჯარო მომსახურების, ასევე, განათლების მისაღებად, მართვაში თანამონაწილეობისთვის სხვადასხვა სერვისების და ინფორმაციის მისაღებად.
ინტერნეტიზაცია ქართულად _ რეტროსპექტივა
რეგიონებში ინტერნეტის გავრცელების აუცილებლობის საკითხზე პირველად განცხადება, ახალი ხელისუფლების პირობებში, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 2014 წლის ნოემბერს “პირველი არხის” ეთერით გააკეთა და თქვა, რომ ამ საკითხზე “სამოქალაქო საზოგადოება-2030” მუშაობდა.
2015 წელს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის გახორციელება დაიწყო. დაანონსდა, რომ 150-მილიონიანი პროექტის დამფინანსებელი “ქართუ” იყო, ხოლო, მიზანი _ საქართველოს ყველა რეგიონისა და და სოფლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაფარვა.
პირველი ფაზის ფარგლებში, საქართველოს ათ რეგიონს შორის იყო გურიაც და ფაზის დასრულების შემდეგ, ინტერნეტით 30 სოფელს უნდა ესარგებლა. ამ პროექტის გახორციელების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ სახელმწიფო ააიპ-ი “Open Net”-ი დააფუძნა.
IDFI-იმ “Open Net”-ისგან გამოითხოვა ინფორმაცია 2015- 2017 წლებში მიღებული დაფინანსების შესახებ.მიღებული მონაცემების თანახმად, “Open Net”-ი, სამი წლის მანძილზე, სულ 3,178,252 ლარით დაფინანსდა.“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ “ქართუმ” ” Open Net”-ი მხოლოდ 2015-2017 წლებში დააფინანსა, ჯამში 2.9 მლნ ლარით, ხოლო მას შემდეგ ორგანიზაცია ფუნქციონირებდა სხვა შემოსავლებით, მათ შორის, საერთაშორისო სახსრებით. |
2016 წელსვე, ზაფხულში, მთავრობამ საქართველოს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომლის მიზანი საყოველთაო ინტერნეტიზაცია იყო. მისი შესრულება ააიპ “Open Net”-ს დაევალა. “Open Net”-ს უნდა აეშენებინა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი ე.წ.” შუა ძარღვი” იმ დასახლებებში, სადაც 200 და მეტი მოსახლეა და ოპტიკური ინფრასტრუქტურით არ იყო წარმოდგენილი კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორი. შემდეგ კი, უკვე კერძო სექტორი _ ტელეკომოპერატორები “Open Net”-ის ქსელის გამოყენებით, მოსახლეობას ინტერნეტს მიაწვდიდნენ.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო პროგრამაში შეიტანა დაპირება, რომ ააშენებდა 8000 კმ ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც დამატებით 800 ათასი ადამიანი მიიღებდა ინტერნეტს და ამდენად, ქვეყნის მოსახლეობის 90 %-ს ინტერნეტზე წვდომა ექნებოდა.
საქმე, ამჯერადაც ფუჭ ლაპარაკად დარჩა და 2017 წელს, მთავრობის სხდომაზე ისევ “დაამტკიცეს”, რომ საქართველოს 2000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისათვის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი შეიქმნებოდა “საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში. პროგრამით გაიწერა კონკრეტული ნაბიჯები. მიღებული სტრატეგიის თანახმად, მთელი საქართველოს ტერიტორია რამდენიმე ზონად დაიყო და კერძო სექტორთან ერთად, სხვადასხვა ინტერესის ზონები განისაზღვრა. კერძო ბიზნესის ინტერესი რომ არ შელახულიყო, სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, აშენებული მაგისტრალი კერძო პროვაიდერზე უნდა გაქირავებულიყო.
“არ ხდება ისე, რომ ამ პროექტმა კერძო სექტორის ინტერესები გადაკვეთოს. პირიქით, ის ხელს უწყობს, სხვადასხვა დაინტერესების ზონების მიხედვით, კერძო სექტორის შესვლას საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში. ხოლო იქ, სადაც ნაკლებად არის დაფიქსირებული, ან საერთოდ არ არსებობს ინტერესი და ინტერნეტის შეყვანა ეკონომიკურად აზრს მოკლებულია, პროგრამას მთლიანად ფონდი “ქართუ” აფინანსებს. ეს არის აბსოლუტური ქველმოქმედება, ყველანაირი ბიზნესდაინტერესების გარეშე. პროგრამა, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება. ეს არის ნამდვილად საშვილიშვილო საქმე, რადგან ინფორმაციაზე წვდომა არის თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების მთავარი პირობა. ვფიქრობთ, როგორც განათლებისთვის, ისე, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა“, _ განაცხადა მაშინ, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
სამწუხაროდ, საქმე ისევ დაპირებებს არ გაცდენია. ამასობაში, “Open Net”-ს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებული შესყიდვის უფლება მოიპოვა. კომპანიას ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესყიდვის მიზნით, 20 მილიონი ლარი უნდა დაეხარჯა და სამუშაოები 126 დასახლებულ პუნქტში 2020 წლის ბოლომდე დაესრულებინა.
2016 წელს, წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება, მთავრობამ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახა, მაგრამ უკვე 2019 წელს, ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ნათია თურნავამ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ “საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის გახორციელება, კერძო სექტორის კრიტიკის გამო შეფერხდა”.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც მოახლოვდა და უკვე სხვა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იანვარში საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ახალი სტრატეგია დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, მთავრობა დააფინანსებდა ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ “პროგრამა ბიზნესისთვის უინტერესო, მცირეაბონენტიან სოფლებს მოიცავს და საყოველთაო არაა”. პროექტს, მაშინ, მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული, 40-მილიონ დოლარად ღირებული პროექტი _ “Log In Georgia” დაემატა და დასრულების ვადად 2025 წელი განისაზღვრა.
“Log-in Georgia”-ს ინფრასტრუქტურული ნაწილის ჯამური ბიუჯეტი 67 მლნ ევროა და იგი მსოფლიო ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო რესურსით ხორციელდება; კრედიტი ხანგრძლივვადიანი და დაბალპროცენტიანია.
“სესხი დააფინანსებს 5000 კილომეტრი სიგრძის ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელის გაყვანას და ქართული ტელეკომოპერატორებისთვის ინტერნეტის ინფრასტრუქტურაზე ღია წვდომას უზრუნველყოფს. ინვესტიცია გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის და გაზრდის კრიზისისადმი საქართველოს მედეგობას“, _ნათქვამი იყო ევროპის საინვესტიციო ბანკის განცხადებაში.
პირველ ეტაპზე, შესაბამისი კომისიის მიერ, 2020 წლის 9 მარტს, საპილოტე პროექტად შეირჩა ოზურგეთი; საპილოტე პროექტი ითვალისწინებდა ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობას ოზურგეთის გეოგრაფიულ არეალში (ძირითადი პარამეტრები: დასახლებული პუნქტების რაოდენობა _ 49, შინამეურნეობა _ 8 516, მოსახლეობის რაოდენობა _ 28 576, ოპტიკური კაბელის საორიენტაციო სიგრძე _ 140 კმ).
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის გასახორციელებლად “Open Net”-მა 10-მილიონიანი ხელშეკრულების უტენდეროდ გაფორმებისთვის საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. განაცხადში აღნიშნული იყო, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურის გაყვანა 2020 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, რის გამოც შემსყიდველი უწყებებისგან ხელშეკრულების გაფორმების ნებართვას უტენდეროდ ითხოვდა. პირველ ეტაპზე, 5 კომპანიიდან, ვისაც წინადადება დაეგზავნა, არცერთი არ გამოხმაურებია; მეორე ეტაპზე, წინადადება 17 კომპანიას დაეგზავნა და საუკეთესო ორიდან შერჩევით, ბაზრის კვლევა 2020 წლის 18 მაისს დასრულდა.
პროექტის გამახორციელებლად შეირჩა შპს “პარვუს ნეტი”, რომელიც “პარვუს ჯგუფს” ეკუთვნის. კომპანია 2019 წლის 14 მაისს არის რეგისტრირებული. წილის 50-50 %-ის მფლობელები სულხან ზუმბურიძე და მამუკა პაპუაშვილი არიან. სულხან ზუმბურიძე სააქციო საზოგადოება “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” (სსე) მრჩეველთა საბჭოს უცვლელი თავმჯდომარე იყო. მედიაში ხშირად იწერებოდა, რომ იგი საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელე იყო. 36 ათასი ლარი თვეში და წლიური 430 ათასი ლარი _ ეს იყო მაშინ სულხან ზუმბურიძისა და მისი მეუღლის (მეუღლე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მუშაობდა) შემოსავალი. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ ზუმბურიძის მმართველობის პერიოდში კომპანიამ 76 მილიონი ლარით იზარალა; მან 5 დღეში როუმინგში 29 ათასი ლარი დახარჯა და რომელიც სახელმწიფო ხარჯით ფარავდა ლანჩის ღირებულებას – 13.9 ლარს. ეს ყველაფერი სახელმწიფო აუდიტმა დაადგინა, პროკურატურასაც მიმართა, მაგრამ პროკურატურა არ დაინტერესებულა. “სახელმწიფო ელექტროსისტემის” მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო მამუკა პაპუაშვილიც.
საჯარო შეხვედრაზე, რომელსაც გუბერნატორი და საჯარო პირები ესწრებოდნენ, გაკეთდა განცხადება, რომ, პროექტის ფარგლებში, გურიის ყველა სოფლის ცენტრში, სკოლებთან მიიყვანდნენ ბოჭკოვან კაბელს, შემდეგ კი, კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების მხრიდან, “Open Net”-ის ქსელის გამოყენებით, მოხდებოდა მოსახლეობის ქსელში ჩართვა. გაცხადებული იყო, რომ პროექტი 2020 წლის ბოლოსთვის დასრულდებოდა, თუმცა, წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობამ საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის დასრულების გადავადების გადაწყვეტილება მიიღო.
2023 წლისთვის ოპტიკური კაბელის ჩადება დასრულდა. მოსახლეობა უკიდურესად გაღიზიანებული იყო გადათხრილი ქუჩების, დაზიანებული გაზის მილების, გახეთქილი წყლის სისტემების გამო. და რაც მთავარია, საბოლოო მიზანი, რომ ოპტიკური კაბელი სკოლებამდე მივიდოდა, მერე კი პროვაიდერების მეშვეობით მოსახლეობაც ჩაერთვებოდა, ვერ გახორციელდა.
_ ესაა დასრულება?! დამარხეს ხაზი, დადგეს ყუთები და მორჩა?! ხომ უნდა გაირკვეს ერთხელ და სამუდამოდ, რატომ არ მთავრდება ეს ინტერნეტიზაცია?! მილიონები ჩაიდო ამ საქმეში, დაგვეხმარნენ დონორი ორგანიზაციები და შედეგი?! როგორც ვიცი, “პარვუს ჯგუფმა“, რომელიც შემსრულებელი იყო, დაასრულა სამუშაო, მაგრამ ახლა პროვაიდერებთან ვინ მიიყვანს ინტერნეტს?! ხალხს სჭირდება სწრაფი ინტერნეტი, შედარებით შეღავათიანი ფასებით. ასე ხომ იყო დაპირება? ხომ ესწრებოდით თქვენ იმ შეხვედრებს? გაყვანილია და მაინც გამოუყნებელია. კიდევ რამდენ ხანს გვალოდინებენ, ესაა საქმის გაკეთება? _ ეს კომენტარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” შალვა თავდიშვილმა “გურია ნიუსთან” შარშან გააკეთა. დეპუტატი ამბობდა, რომ მცდელობის მიუხედავად, ვერ გაარკვია, ვინ იყო პასუხისმგებელი ინფრასტრუქტურის აოხრებისთვის, რადგან შემსრულებელ კომპანიას რამდენიმე ქვეკონტრაქტორი ჰყავდა და ყველა სხვისკენ ამისამართებდა.
ჩვენ ახლაც ვთხოვეთ მას კომენტარი, თუ რა შეიცვალა 2024 წელს ამ კუთხით: _ ინტერნატიზაციას შეპირდნენ მაშინ გურიას. 50 მილიონი ლარი დახარჯეს იმაში, რომ ყველა ოჯახს ექნებოდა ინტერნეტი თანამედროვე სიჩქარით და ყველაფრით. არცერთ ოჯახში არ შესულა, სკოლებიც ვერ სარგებლობენ ამ ინტერნეტით. მაგალითად,”აირნეტით” სარგებლობს ძიმითის სკოლა; მიყვანილია სკოლაში, მაგრამ ჩართული არ არის. იმის იქეთ, გამანაწილებლები სადაც დასვეს, არცერთ მათგანზე არცერთი ოჯახი არაა მიერთებული. ეს 50 მილიონი ლარი დახარჯეს პიარისთვის და დახარჯეს იმისთვის, რომ ამ თანხის 40%-ი ჩაედოთ ჯიბეში!
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ამბობს, რომ ყველა სკოლა სარგებლობს ინტერნეტით…
_ სკოლები სარგებლობენ ინტერნეტით, მაგრამ სარგებლობენ სხვადასხვა ინტერნეტით. ამ ინტერნეტით მხოლოდ სკოლების 20%-ით სარგებლობენ. დანარჩენი სკოლები “სილქნეტში” და “აირნეტში” იხდიან ფულს.
ამხელა ხარჯი რომ გასწიეს და შეპირდნენ მთელ გურიას ყველა ოჯახში სწრაფი ინტერნეტი გექნებათო და გავკეთდებითო, ინტერნატიზაცია მიმდინარეობსო და გადათხარეს ყველაფერი _ დატოვეს ისე, როგორც გადათხარეს! შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს ჰქონდათ მიცემული ეგ ტენდერი და პასუხსაც ვინ მოთხოვს?! _ ამბობს შალვა თავდიშვილი.
“გურია ნიუსი” განათლების რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დაუკავშირდა, რათა გაგვერკვია, რა მდგომარეობაა ინტერნეტიზაციის კუთხით სკოლებში.
“ჩვენ საქმისწარმოებას ინტერნეტით ვაწარმოებთ და ხარვეზები არ გვაქვს“, _ გვითხრა ლანჩხუთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი შორენა სიხარულიძე ამბობს, რომ ჩოხატაურში, სადაც 31 საჯარო და 1 კერძო სკოლაა, “საკითხი სამინისტრომ მოაგვარა”:
_ ინტერნეტის საკითხი გადაწყვიტა და მოაგვარა განათლების სამინისტრომ. იყო შემთხვევები სტიქიური მოვლენების დროს მაღალმთიან სოფლებში ინტერნეტის კაბელის დაზიანების, მაგრამ დროულად ხდება აღდგენა, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 42 საჯარო და 2 სამრევლო სკოლაა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლალი სიჭინავას თქმით, “ინტერნეტის საკითხი მოგვარებულია და დღესდღეობით ეს საკითხი პრობლემას არ წარმოადგენს სკოლებში… “ყველა სკოლას ჰყავს IT-ი სპეციალისტი და თუ რამე მცირე პრობლემა შეიქმნება, ისინი აგვარებენ საკითხს“, _ გვითხრა ლალი სიჭინავამ, თუმცა, რა შუაშია IT-ი სპეციალისტი ინტერნეტის პროვაიდერთან, გაურკვეველია.
ლანჩხუთში, სადაც ზოგიერთ სოფელში ტელეფონით დარეკვაც კი რთულია, მოქალაქეებისთვის დიდი პრობლემაა ხარისხიან და უწყვეტ ინტერნეტთან წვდომა. მოსახლეობა ინტერნეტზე წვდომას, ძირითადად, ორი კომპანიის _ “ვი-ჯი-ეს ნეთვორქის” და “სქაიტელის” მეშვეობით ახერხებს. “მაგთის” ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით სარგებლობის საშუალება კი, ამ ეტაპისთვის, მხოლოდ ქალაქ ლანჩხუთის მოსახლეობას აქვს. მინიმალური _ 20 მბ/წმ-იანი ფიქსირებეული ინტერნეტის მისაღებად, მომხმარებელს ყოველთვიურად 20-25 ლარის გადახდა უწევს.
ალექსანდრეს თქმით, რომელიც ლანჩხუთში ცხოვრობს და ინტერნეტის აქტიური მომხმარებელია, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ინტერნეტის ღირებულება და მისი ხარისხია:
“ხშირია, როცა ოჯახის წევრები არ მუშაობენ და მხოლოდ პენსია ან სოციალური შემწეობა წარმოადგენს მათ შემოსავალს. ასეთ ოჯახებს ინტერნეტის გადასახადის გადახდა უჭირთ. სოფლებში კი ასეთი მრავლადაა. ჩემთვის ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მქონდეს ინტერნეტზე წვდომა _ ბავშვებსაც სჭირდებათ ინტერნეტზე წვდომა _ სკოლაში ხშირად აძლევენ ისეთ დავალებებს, რომლებსაც ინტერნეტის და კომპიუტერის გარეშე, ვერ შეასრულებ. არადა, როცა ოჯახი თვიდან თვემდე პენსიაზე ან სოციალურ შემწეობაზეა დამოკიდებული, სამწუხაროდ, ინტერნეტი მისთვის ფუფუნების საგანს წარმოადგენს“.
ალექსანდრეს თქმით, პრობლემას ბაზარზე დაბალი კონკურენცია ქმნის, რაც ფასების შემცირების და ხარისხის გაზრდის ნაკლებ შანსს ტოვებს:
“რადგან კონკურენცია დაბალია, პრობლემები ჩნდება ფასზე და სერვისის ხარისხზე. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში არჩევანი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ოპერატორებს შორის არც ფასებში და არც ხარისხის ნიშნით განსხვავება არ არის“.
ამიტომ, ალექსანდრეს აზრით, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ბაზარზე კონკურენციას გარკვეული რეგულაციების გამოყენებით. ეს შესაძლებლობას მისცემს პატარა ოპერატორებსაც გამოიყენონ არსებული ინფრასტრუქტურა; ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინტერნეტის ხელმისაწვდომობას და გავრცელებას რეგიონებში.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, OECD-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ფასი მაღალია, ხოლო მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა გამოწვევას წარმოადგენს. კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული მოკვლევის თანახმად, საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ინტერნეტის ფასი გაცილებით მაღალია.
ანალიზის თანახმად, 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით, ხოლო 10 გბ. მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, ოცდაოთხი ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია. ეს შედეგები ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან, საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომელიც კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით 2023 წლის აპრილში ჩატარდა:
“ვიდრე საქართველოში შენარჩუნდება მაღალსიჩქარიანი და მაღალი მოცულობის ინტერნეტის მაღალი ფასები, მომხმარებლები კვლავ იძულებული იქნებიან, აირჩიონ დაბალსიჩქარიანი და დაბალი მოცულობის მომსახურებები ან გადაიხადონ მნიშვნელოვნად მაღალი, პრემიუმ ფასები და ასე მიიღონ მაღალი სიჩქარე/მოცულობა“, _ წერია დასკვნაში.
ანალოგიური მდგომარეობაა ფიქსირებულ ინტერნეტ მომსახურებებზე; ვინაიდან მომხმარებლების მიერ ონლაინში გატარებული დრო და სხვადასხვა მომსახურებების ონლაინ მიღებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, შესაბამისად, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ მომსახურებების როლი აბონენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც საქართველოში პრობლემას წარმოადგენს.
ევროპის ქვეყნებში ოჯახების საშუალოდ 55%-ი 100 მბ/წმ-იანი ან უფრო მაღალი ინტერნეტ სიჩქარით სარგებლობს; მათგან 19 ქვეყანაში ოჯახების 40%-ზე მეტი აღნიშნული სიჩქარის ინტერნეტს იყენებს. საქართველოში კი აბონენტების მხოლოდ 1%-ს ანუ 4 ათას აბონენტს აქვს 100 მბ/წმ ან უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, ვინაიდან მისი ფასი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით მაღალია.
DataReportal-მა, რომელიც მომხმარებლებს გლობალური ციფრული ცხოვრების შესახებ სტატისტიკებსა და კონკრეტულ ციფრებს სთავაზობს, სხვადასხვა საინტერესო მონაცემის მიხედვით შეაჯამა, თუ როგორია ციფრული ცხოვრება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში.მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წლის დასაწყისში საქართველოში ინტერნეტის 2,93 მილიონი მომხმარებელი იყო, ხოლო ინტერნეტის შეღწევადობა 78,7 პროცენტს შეადგენდა. ამასთან, 2024 წლის დასაწყისში საქართველოში სულ 6,10 მილიონი ფიჭური მობილური კავშირი იყო აქტიური, რაც მთლიანი მოსახლეობის 164,0 პროცენტს უტოლდება.რიცხვების კიდევ უფრო ღრმად გასააზრებლად და დამატებითი კონტექსტის შემოსატანად DataReportal-მა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზეც ისაუბრა.როგორც ცნობილია, საქართველოს მოსახლეობა 2024 წლის იანვარში 3,72 მილიონი იყო. მონაცემები აჩვენებს, რომ მოსახლეობა 2023 წლის დასაწყისიდან 2024 წლის დასაწყისამდე 14 ათასით (-0.4%-ით) შემცირდა.ეს მაჩვენებლები ცხადჰყოფს, რომ 2024 წლის დასაწყისში, საქართველოში ინტერნეტს 792.2 ათასი ადამიანი არ იყენებდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ წლის დასაწყისში მოსახლეობის 21,3% ხაზგარეშე დარჩა.DataReportal-მა ინტერნეტის სიჩქარეზეც გაამახვილა ყურადღება _ Ookla-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს, რომ საქართველოში მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარე ფიჭური ქსელების საშუალებით 33.52 Mbps-ს შეადგენდა, ხოლო ფიქსირებული ინტერნეტის საშუალო სიჩქარე 26.44 Mbps იყო.Ookla-ს მონაცემებით ირკვევა, რომ მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარე საქართველოში 2024 წლის დასაწყისისთვის 0,15 Mbps-ით (-0.4%) შემცირდა.ამავდროულად, Ookla-ს მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე, იმავე პერიოდში, 0,48 Mbps-ით (+1,8 პროცენტი) გაიზარდა. |
“გურია ნიუსმა” კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა. ვითხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რას საქმიანობს ქვეყნის ინტერნეტიზაციის თვალსაზრისით კომისია და როგორია უცხოელი პარტნიორების წვლილი ამ სფეროში. მიღებულ პასუხს უცვლელად გთავაზობთ: “ციფრული მხარდაჭერის პროგრამა “Log-in Georgia” პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. Log-in Georgia პროექტი საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
კომუნიკაციების კომისია 2022 წლიდან ახორციელებს “ციფრული მხარდაჭერის პროგრამას”. პროგრამის მიზანს შერჩეული მუნიციპალიტეტებისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ციფრული ცნობიერების ამაღლება, მათთვის ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების სწავლება და ციფრულ ეკონომიკაში ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენს.
საგულისხმოა, რომ “ციფრული მხარდაჭერის პროგრამა” შემუშავებულია მოსახლეობის ინტერნეტსაჭიროებების კვლევის საფუძველზე. პროგრამა მოიცავს ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების საკითხებზე სემინარებს, რომელიც ემსახურება პროგრამის ბენეფიციარების ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ინფორმაციის მოძიება, ელ-ფოსტის გამოყენება, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობა, ადგილმდებარეობის გაზიარება, ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება, ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაცია, ნამდვილი, ყალბი ინფორმაციის ამოცნობა და სხვა. გარდა თემატური სემინარებისა, პროგრამა მოიცავს საინფორმაციო შეხვედრებს სახელმწიფო ელექტრონული სერვისების შესახებ, მათ შორის, სახელმწიფო ელ-აუქციონის გამოყენების და ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებების შესახებ.
აგრეთვე, პროგრამის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლებისთვის, მედიაწიგნიერების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები იმართება. შეხვედრების ფარგლებში განიხილება მედიაწიგნიერების როლი და მნიშვნელობა, ასევე, ინფორმირების, დარწმუნების, ფაქტის, მოსაზრებისა თუ ყალბი ინფორმაციის ტიპების გამიჯვნის მეთოდები, დეზინფორმაციის დადგენის ხერხები, ტროლებისა და ბოტების გარჩევის მექანიზმები. საგულისხმოა, რომ შეხვედრები დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს და მონაწილეებს. პრაქტიკული-ჯგუფური დავალების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა საკითხზე მსჯელობის.
“ციფრული მხარდაჭერის პროგრამა” უკვე წარმატებით განხორციელდა 11 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ოზურგეთი, ჩოხატაური, სამტრედია, ხელვაჩაური, ქობულეთი, ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი). ამ ეტაპზე, პროგრამა მიმდინარეობს ხობისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში. 2025 წელს პროგრამის განხორციელება დაგეგმილია იმერეთის რეგიონში, კერძოდ წყალტუბო, ვანი, ბაღდათი, ტყიბული, თერჯოლა, ჭიათურასა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში.
პროგრამის ფარგლებში 196 სოფელსა და დასახლებულ პუნქტში სულ ჩატარდა 445 სემინარი და გადამზადდა 6000-მდე ადამიანი. ბენეფიციართა შორის არიან სკოლის პედაგოგები, მაღალი კლასების მოსწავლეები, შშმ პირები, ადგილობრივი მეწარმე ქალები, დიასახლისები, ასევე, დროებით უმუშევარი მოქალაქეები.
საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საქართველოს 1,000-მდე სოფელს და 500,000 მოქალაქეს, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას, მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს მაღალი ხარისხის ინტერნეტი და ისარგებლოს ციფრული სერვისებით. ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა, საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა“, _ გვწერს კომისია.
გამოდის, რომ თუნდაც ქაღალდზე, საქართველოს სოფლების მესამედი და ნახევარი მილიონი მოსახლე გეგმის ოთხი წლის თავზე ისევ მაღალხარისხიანი ინტერნეტის გარეშეა. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 941 თემი და 3 633 სოფელია.
“Open Net”-ის მონაცემებით, ბოლო სამ წელიწადში 800 კმ მაგისტრალი აშენდა, რაზეც 53 მილიონი ლარი დაიხარჯა. Log-in Georgia-ს ფარგლებში, 2025 წლის ბოლოსთვის სულ 5000 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს ანუ დარჩენილია 4200 კმ. Log-in Georgia-ს ინფრასტრუქტურული ნაწილის ჯამური ბიუჯეტი 67 მლნ ევროა და პროექტი მსოფლიო ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო რესურსით ხორციელდება. ევროპულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის გაფუჭების გამო, საეჭვოა, სამუშაო ვადაში დასრულდეს. ამჟამად, საერთო ჯამში, დასრულებული და მიმდინარე სამუშაოების მოცულობა 2 400 კმ-მდეა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი შენდება ზუგდიდში, ხობში, აბაშაში, სენაკში, წყალტუბოში, ვარციხეში, ხონში, ჭიათურაში, საჩხერეში, ზესტაფონში, ხარაგაულში, ქედასა და შუახევში. თუ 800 კმ ინფრასტრუქტურის აგებას 3 წელი დასჭირდა, წარმოუდგენელია, 2025 წლამდე, თუნდაც 2400 კმ -ზე სამუშაოები დასრულდეს. ამას ადასტურებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ “საყოველთაო ინტერნეტიზაციის” პროგრამის აუდიტის ანგარიში. აუდიტის დასკვნით, რისკი იმისა, რომ ინტერნეტიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2025 წლისთვის, პროექტით გათვალისწინებულ ვადებში, ვერ მოესწრება, მაღალია.
ანგარიშში საუბარია ინტერნეტიზაციისთვის სამიზნე გეოგრაფიული არეალების შერჩევის კრიტერიუმებზე, რომლებიც მოძველებულ – 2014 წლის მონაცემთა ბაზაზეა დაფუძნებული. ხარვეზებს შორის, ასევე, განხილულია იმ ინდიკატორის არარსებობა, რომელიც მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომ ტარიფებს განსაზღვრავდა.
“გურია ნიუსი “Open Net”-საც დაუკავშირდა და დღემდე გახორციელებული სამუშაოების შესახებ, განსაკუთრებით გურიის მხარეში, კომენტარი სთხოვა.
“საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს და ეტაპობრივად ხორციელდება საქართველოს მასშტაბით ყველა იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც: ა) მოსახლეობის რაოდენობა 200 და მეტია; ბ) აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში კომერციულ ოპერატორებს არ აქვთ უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა და გ) არ გეგმავენ ასეთის მშენებლობას მომდევნო სამი წლის განმავლობაში.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, “ოუფენ ნეტი” არ აწვდის მოსახლეობას ინტერნეტ-მომსახურებას, არამედ, ნებისმიერ ავტორიზებულ ტელეკომ-ოპერატორს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს მაგისტრალზე ღია დაშვების მომსახურებით და მივიდეს საბოლოო მომხმარებლამდე.
ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში დასრულებული პროექტების, მიმდინარე სამშენებლო არეალებისა და ქსელის ტექნიკური მონაცემების ნახვა შესაძლებელია “ოუფენ ნეტის” ციფრულ რუკაზე .
რაც შეეხება გურიის მხარეს, პროგრამის ფარგლებში, გურიაში აშენდა და ექსპლუატაციაში გაშვებულია 230 კმ-ზე მეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს 60 დასახლებულ პუნქტს და 32, 350-მდე მოსახლისთვის შექმნილ ახალ შესაძლებლობებს. მათ შორის: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აშენდა 140 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტუქტურა, რომელიც მოიცავს 50 დასახლებულ პუნქტს. სამიზნე გეოგრაფიული არეალი: ასკანა, ახალსოფელი, ბაილეთი, ბაღდადი, ბოგილი, განთიადი, გაღმა დვაბზუ, გომი, დაბალი ეწერი, დვაბზუ, ვაკე, ვაკიჯვარი, ვანისქედი, ზედა ბახვი, ზედა უჩხუბი, ზედა ძიმითი, ზემო მაკვანეთი, თხინვალი, იანეთი, კვაჭალათი, კონჭკათი, ლიხაური, მერია, მზიანი, მთისპირი, მოცვნარი, მშვიდობაური, ნაგომარი, ნაღობილევი, ნიაბაური, ორმეთი, ოქროსქედი, სილაური, ფამფალეთი, ქვედა ბახვი, ქვედა ძიმითი, ქვემო მაკვანეთი, შუა ისნარი, ციხისფერდი, ცხემლისხიდი, წითელმთა, ჭალა, ჭანიეთი, ჭანიეთური, ხვარბეთი, ხრიალეთი, ჯუმათი, დაბა ნარუჯა და აჭი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აშენდა 93 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტუქტურა, რომელიც მოიცავს 10 დასახლებულ პუნქტს. სამიზნე გეოგრაფიული არეალი: ბჟოლიეთი, ბურნათი, ვაზიანი, ზოტი, კოხნარი, საჭამიასერი, ქვაბღა, ქვემოხეთი, ჩხაკაურა, ხევი, ნაბეღლავი”, _ ასეთია “Open Net”-ის პასუხი.
ინტერნეტიზაციის ისტორია და დონორთა წვლილიინტერნეტი საქართველოში 1994 წელს გაჩნდა, როგორც ოფლაინ ელექტრონული ფოსტის სერვისი. 1996 წელს, ქართული კომპანია Sanet Networks-ი, იყო პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც უზრუნველყო სრული ინტერნეტ სერვისები ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით. 1997 წელს კიდევ ოთხმა კომპანიამ დაიწყო ინტერნეტ სერვისების მიწოდება dial-up ტექნოლოგიის გამოყენებით. 2002 წელს ბაზარზე ADSL სერვისები დაინერგა.2006 წელს ყაზახმა ინვესტორმა შეიძინა სახელმწიფო ტელეკომის ოპერატორი და დააარსა ერთიანი ქართული ტელეკომი (UGT).2016 წლიდან მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი, 42 მილიონი აშშ დოლარის GENIE პროექტი უზრუნველყოფს ინოვაციური ინფრასტრუქტურის და სერვისების, ეკოსისტემის მხარდაჭერას და პირდაპირ დაფინანსებას ქართული ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერების და შემდგომი განვითარების მიზნით. 2021 წლის ნოემბერში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და Catapult Georgia-ამ გააფორმეს თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლითაც 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს ქართულ ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ სტარტაპებში. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ასევე გამოყო 5 მილიონ დოლარი, რათა ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების განვითარებას გლობალურ ბაზრებზე.ასევე, 2016 წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ტელეკომპანია მაგთიკომს გამოეყო 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი საქართველოს რეგიონებში ფართოზოლოვანი ქსელების გასაუმჯობესებლად და გაფართოებისთვის.2018 წელს ინტერნეტიზაციის პროექტი ამერიკულმა ორგანიზაცია “ინტერნეტსაზოგადოებამ” თუშეთში დააფინანსა და ქსელი მოვლა-პატრონობისთვის “თუშეთის განვითარების ფონდს” გადასცა.2019 წელს, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი 25 ათასი დოლარით ამერიკულმა ორგანიზაცია “ინტერნეტსაზოგადოებამ” დააფინანსა, 246 805 ლარით კი _ საქართველოს მთავრობამ.2020 წლის იანვარში, მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით და ევროკავშირის EU4Digital ინიციატივის მხარდაჭერით მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებს ამბიციურ მიზნებს და შეესაბამება ევროკავშირის Gigabit Society ამოცანებს. სტრატეგია აღიარებს ფართოზოლოვან ქსელზე უნივერსალური წვდომის მნიშვნელობას, როგორც ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურას ეკონომიკური განვითარებისა და საქართველოს ინტეგრაციისთვის გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში. სტრატეგია ასევე აღიარებს ციფრული ინკლუზიურობის ხელშეწყობის აუცილებლობას და ფართოზოლოვანი ინტერნეტით სარგებლობის უნარების განვითარებას, განსაკუთრებით სოფლად.2020 წლის 31 აგვისტოს “მსოფლიო ბანკსა” და საქართველოს შორის, ხოლო 2021 წლის 11 ნოემბერს ევროპის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს შორის გაფორმდა სასესხო ხელშეკრულებები პროექტის “Log-in Georgia”-ს გასახორციელებლად.აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკმა, ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ჯამში 171 მილიონი ევროს ღირებულების საინვესტიციო პაკეტს მოაწერა ხელი. ეს მოიცავდა, როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხებს, ისე ევროკავშირის გრანტებს საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის.2020 წელს. პანდემიის დროს, 631 სოციალურად დაუცველ საშუალო სკოლის მოსწავლეს ჰქონდა ინტერნეტზე წვდომა 1784 მხარდამჭერის დახმარებით, რომლებმაც საქველმოქმედო ინიციატივა “ჩართე” 279 768 ლარი შესწირეს. “ჩართე” არის GiveInternet.org-ის პროექტი _ აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული პლატფორმა, რომელიც აგროვებს თანხებს არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ინტერნეტით და ლეპტოპებით სარგებლობას საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის.სოფლებში, მათ შორის, რაიონული ცენტრებისგან დაშორებულ დასახლებებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის შესაყვანად, ევროკავშირმა 2021 წლის ბოლოს საქართველოს 34 მილიონი ევრო გამოუყო.2022 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკმა, ევროკავშირის ბანკმა და მსოფლიო ბანკმა გაახორციელეს 34 მილიონი ევროს ინვესტირება საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქსელის გაფართოებისთვის, რამაც უზრუნველყო სწრაფი და საიმედო ინტერნეტ სერვისების გაჩენა მინიმუმ 1000 სოფელში. ევროკავშირის ბანკის ინვესტიციამ დააფინანსა 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის ინსტალაცია.EIB-ის ეს ოპერაცია იყო Team Europe-ის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს დიჯიტალიზაციასი, მწვანე და მდგრადი სოციალური და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი კატასტროფებისადმი მდგრადობის გაზრდას, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიიის დროს.2023 წელს, საქართველოს პარლამენტი ვალდებული გახდა მიეღო კანონი “სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების თაობაზე”, რომელიც შემუშავდა ევროპის კავშირისა და საბჭოს 2014 წლის 15 მაისის მაღალსიჩქარიან ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების განვითარების ხარჯის შემცირების შესახებ 2014/61 დირექტივის შესაბამისად. კანონის მიღების შედეგად, ავტორიზებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ ნაკლები ფინანსური დანახარჯებით გააფართოონ საკუთარი სატელეკომუნიკაციო ქსელები, ასევე, გამარტივებულად მიიღონ ინფორმაცია საკომუნიკაციო მიზნებისათვის გამოსადეგი ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ და სხვა. აღნიშნული, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების და მომსახურებების შემდგომ განვითარებას და შესაბამისად უზრუნველყოფს ფართოზოლოვან ინტერნეტ სერვისებთან წვდომის შესაძლებლობას, ციფრული სერვისების განვითარებას, რაც საბოლოოდ დარგის განვითარებაზე აისახება. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს მხოლოდ ნაწილია დონორების მიერ გაღებული დახმარებისა. |
ტექნოლოგიური პროგრესი ადგილზე არ დგას: პლანეტის უმსხვილესი სტარტაპი SpaceX-ი უკვე აანონსებს, რომ უკაბელო ინტერნეტით პლანეტის ყველაზე რთულად მისაღწევ წერტილებს კი არა, დედამიწის კოლონიებს მოემსახურება. ამ დროს კი, საქართველოს მთავრობა, დასავლელი პარტნიორების დახმარების და ასეულობით მილიონი ლარის ინვესტირების მიუხედავად, ვერ ასრულებს პირობას, რომ ინტერნეტის მოხმარების თანასწორობას შექმნის _ხარისხიან, იაფ ინტერნეტზე წვდომა, ევროპული თანამეგობრობის ქვეყნების მოქალაქეებისგან განსხვავებით, ჩვენთვის კვლავ გადავადებული კონსტიტუციური უფლებაა.