„გურია ნიუსის“ მიერ ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ყოველთვიურად მინისტრზე მეტ დანამატს იღებს.
დოკუმენტის თანხმად, იანვარში, იზორიას 3 540 ლარის თანამდებობრივი სარგო და 5 188-ლარიანი დანამატი აქვს მიღებული. ზუსტად იგივე რაოდენობის თანხები აქვს მიღებული თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისში და ივნისში.
დოკუმენტის თანახმად ლევან იზორია ყოველ თვე 8 728 ლარს იღებს, რამაც 6 თვეში 52 368 ლარი შეადგინა; აქედან _ 21 240 ლარი მისი თანამდებობრივი სარგოა, ხოლო 31 128 ლარი დანამატი.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, იზორიაზე მეტი ანაზღაურება აქვს მის პირველ მოადგილეს _ ლელა ჩიქოვანი ყოველ თვე 2 950 ლარი ოდენობით თანამდებობრივ სარგოს იღებს, ხოლო 6 424 ლარის და 50 თეთრის დანამატს, რაც თვეში, ჯამურად, 9 374 ლარს და 50 თეთრს შეადგენს.
ჩიქოვანს ამ რაოდენობის თანხები მიღებული აქვს იანვრიდან ივნისის ჩათვლით, რაც იმას ნიშნავს, რომ მინისტრის პირველი მოადგილის ანაზღაურება გადასახადის გადამხდელებს 6 თვეში 65 247 ლარი დაუჯდა, საიდანაც 17 700 თანამდებობრივი სარგოა, ხოლო 45 547 ლარი დანამატი.
რაც შეეხება დანარჩენ მოადგილეებს _ ზაალ კაპანაძის, ნუკრი გელაშვილის და გიორგი ბუთხუზის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 720 ლარს შეადგენს. ისინი ყოველ თვე მინისტრზე მეტ დანამატსაც იღებენ _ 5 780 ლარის ოდენობით.