“სასაცილოა, საკრებულოს ვერ ფუნქციონირებაში გვადანაშაულებდნენ იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში შეგნებულად უშლიდნენ ხელს საკრებულოს ფუნქციონირებას”, _ ასე ეხმაურება სენაკის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლაშა კუჭავა საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას, რომელშიც საბა ოდიშარია ოპოზიციონერ დეპუტატებს 2025 წლის ბიუჯეტის ჩაგდებაში ადანაშაულებს.
„მოგესალმებით ძვირფასო სენაკელებო, მინდა გამოვეხმაურო სენაკის საკრებულოს თავჯდომარის, საბა ოდიშარიას ფეისბუქ პოსტს, სადაც საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს გვადანაშაულებს ბიუჯეტის ვერ მიღებაში ქვორუმის არარსებობის გამო.
სასაცილოა საკრებულოს ვერ ფუნქციონირებაში გვადანაშაულებდნენ იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში შეგნებულად უშლიდნენ ხელს საკრებულოს ფუნქციონირებას, მხოლოდ იმის გამო, რომ არ იყვნენ უმრავლესობაში და ვერ იკავებდნენ თანამდებობებს.
ტყუილია, რომ თითქოსდა სენაკში ვერ განხორციელდება სოციალური პროექტები, რაც შეეხება სოცდაუცველი დაწყებითი სკოლის მოსწავლეების სასწავლო ნივთებით უზრუნველყოფას, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ორი წელია, ითხოვს სკოლებში უფასო კვებას, რისიც კატეგორიული წინააღმდეგი ქართული ოცნება და ადგილობრივი ჩინოვნიკები არიან.
მართალია შეფერხდა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისათვის ხელფასის ზრდა 10%-ით. მინდა სენაკელებს მოვახსენო, რომ სენაკის ბიუჯეტიდან მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების სახელფასო ფონდი შეადგენს 5 600 000 ლარზე მეტს, ამ ისედაც კატასტროფულად მაღალ სახელფასო ფონდის კიდევ 500 000 ლარით გაზრდა, დარწმუნებულები ვართ, რომ არ წარმოადგენს სენაკის მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობის ინტრესს.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროგრამებს, რომელიც მორგებულია არა სენაკისა და სენაკელების ინტერესებზე, არამედ სს “არქეოპოლისის” პირად ინტერესებსა და გამდიდრებაზე. ასე რომ, დემურ გადელია ტენდერს იანვარში მოიგებს თუ თებერვალში სენაკის დაქცევას ნამდვილად არ გამოიწვევს.
P.S მაშინ როდესაც, ასობით პატრიოტი დაკავებულია საქართველოს სიყვარულისათვის, ასობით პატრიოტი სასტიკად არის ნაცემი საქართველოს ევროპული მომავლის დაცვისათვის, ათიათასობით საქართველოს მოქალაქე იბრძვის ჩვენი სამშობლოს გარუსების წინააღმდეგ, დარწმუნებულები ვართ, რომ ადგილობრივი ჩინოვნიკებისათვის ხელფასების ვერ გაზრდა წარმოადგენდეს მავნებლობას. ასევე მინდა იცოდეთ, რომ იმ ადამიანების შვილები და ოჯახის წევრების უმრავლესობა, (რომლებსაც დაავალეს თქვენი პოსტის გაზიარება და მოწონება) უკვე ერთი თვეა მედგრად დგანან რუსთაველზე და იბრძვიან საქართველოს პროდასავლური კურსის დასაცავად”, _ წერს ლაშა კუჭავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, სენაკის საკრებულოში სულ 33 წევრი ირიცხება, აქედან 17 – “ქართული ოცნება”, 12- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” , 4 კი – პარტია “საქართველოსთვის”.
ავტორი