„ამ საკითხის შემობრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია. თუ გვინდა, რომ გუნდი ბოლომდე დავშალოთ და გავხლიჩოთ, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. არსებულ მოცემულობაში ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენი დღის წესრიგი არის მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის“, -ეს განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში შეხვედრის დასრულებისას გააკეთა.
პარლამენტის წევრმა ასევე კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, თითქოს პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ ხმათა მხოლოდ 30 პროცენტის მიღება შეეძლო.
„30 პროცენტი ეს „ნაცმოძრაობის“ ნარატივია. ამ სიცრუის კამპანიის ნარატივის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ვერ აიღებდა 30 პროცენტზე მეტს. მარტივი მათემატიკაა, ვინც ერკვევა საარჩევნო სისტემებში. თუ „ქართული ოცნება“ ვერ იღებს 30 პროცენტზე მეტს, ამ შემთხვევაში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პროპორციული არჩევნებია თუ შერეული. ამ დონის „მელკი ტყუილებითაა“ გამორჩენილი „ნაცმოძრაობა“. აბსოლუტურად წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ასეთი სიცრუით მოქმედება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.