ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბრიფინგზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინის შესახებ ისაუბრა. კობახიძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციისა და მისი უცხოელი ლობისტების გეგმაა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.
„ომის პარტია” და მისი უცხოელი ლობისტები, რატომღაც, იმედს არ კარგავენ და აქტიურად იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
რადიკალებისა და მათი უცხოელი ლობისტების გათვლა მარტივია, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას უნდა მოყვეს საზოგადოების მღელვარება, ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა.
საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ბაკურიანის შეკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეების, ახალი შულავერის კომიტეტის, ომისა და ღალატის პარტიის ეს სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდება და ზუსტად ისევე ჩაიშლება, როგორც მათ ხელისუფლების გადატრიალების ყველა წინა მცდელობა ჩაეშალათ.
საქართველო არის სახელმწიფო და მას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არც არეულობას და არც ომს არ დაუშვებს.
ყველას, ვისაც საპირისპირო მიზნები აქვს, საზოგადოებისა და ხელისუფლების მხრიდან საკადრისი პასუხი გაეცემა”,_ განაცხადა კობახიძემ.