საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრებს სთხოვა, განაგრძონ მოლაპარაკებები პენსიონერებისთვის საპროცენტო განაკვეთის შემცირების პირობების დასაზუსტებლად.
„გასული კვირის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის” ხელმძღვანელებთან პენსიონერებისთვის საპენსიო განაკვეთის შემცირების თაობაზე.
გვესმის, რომ ბანკს, პირველ რიგში, აქვს კომერციული ინტერესები, თუმცა ამასთან ერთად”ლიბერთი ბანკმა” გამოავლინა ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არსებულ საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს რამდენიმე პროცენტით, რამდენიმე პუნქტით.
მინდა ვთხოვო მთავრობის შესაბამის წევრებს, განაგრძონ მოლაპარაკებები, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს განახლებული პირობები ჩვენი პენსიონერებისთვის და საზოგადოებას მიეწოდოს დაზუსტებული ინფორმაცია ახალი საპროცენტო განაკვეთის შესახებ“,_აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.