ქობულეთში სახალხო დღესასწაული „ქობულეთობა“ იზეიმეს. მუნიციპალიტეტის მთავარი დღესასწაული მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. ღონისძიება ტრადიციულია და მესამე წელია იმართება. „ქობულეთობის“ დღესასწაულზე წელს პირველად მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეები გამოვლინდნენ.
გამგებელმა სულხან ევგენიძემ ხუთ საპატიო ქობულეთელს სიგელები გადასცა. დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის ქ. ობორნიკს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„ქობულეთობას“ დამეგობრებული ქალაქების – როვნოს, პალანგას, პრიეკულეს, მილიჩის და დიმიტროვოს დელეგაციები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
ღონისძიების ფარგლებში პარკის ცენტრალურ ნაწილში მოეწყო სხვადასხვა სახალისო აქტივობები პატარებისთვის, ასევე ცნობილი ქობულეთელების პორტრეტების გამოფენა გაიმართა, მოეწყო სპორტული შეჯიბრებები და ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა. ამფითეატრში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისა და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტები გაიმართა.
დღესასწაულის მეორე ნაწილი ღვინის სახლში გაგრძელდა, სადაც სოფლის პროდუქციისა და კულინარიული ნაწარმის გამოფენა გაიმართა, ასევე მოეწყო იმიტირებული ქორწილი, სადაც წარმოდგენილი იყო ქობულეთური ადათ-წესები. სტუმრებმა ქობულეთური სამზარეულო დააგემოვნეს.
„ქობულეთობის“ დღესასწაულის მესამე ნაწილი ცენტრალურ პარკში გაგრძელდა. პარკის ცენტრალურ მოედანზე „ფერების ფესტივალი მოეწყო და ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართა, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა. „ქობულეთობის“ დღესასწაული გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. (R)