ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი საარჩევნო ადმინისტრაციას, აქტივისტებს და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, იყვნენ განსაკუთრებით ყურადღებით და იმოქმედონ ისე, როგორც შეეფერება ოცდამეერთე საუკუნის ევროპულ სახელმწიფოს.
ამის შესახებ პოლიტიკოსმა მმართველი პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავი, როგორც განვითარებულმა, დემოკრატიულმა სახელმწიფომ მძლავრი დემოკრატიული ინსტიტუტებით.
„იყო გარკვეული პროვოკაციები, მთლიანობაში ვერ შეძლეს, რომ ამისგან შეექმნათ ისტორია და მე ვფიქრობ, მისასალმებელია ის, რაც ხდება. სამი საათი დარჩა საარჩევნო უბნების დახურვამდე“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
პოლიტიკოსს „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზეც ჰკითხეს.
„მე უცებ ვერ აღვიდგინე დავით იმნაძის პიროვნება. ვერ წარმომიდგენია, რომელიმე ადამიანმა შეძლოს, მეორე ადამიანზე მოახდინოს ზეგავლენა მაშინ, როდესაც ადამიანი უნდა შევიდეს საარჩევნო უბანში, როცა გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
რაც შეეხება ცალკეულ თემებს, რომ ვიღაცამ ვიღაცას ყურში ჩასჩურჩულა და კამერა ჰქონდა ნახევარ მეტრში ცოტა საინტერესო და სასაცილოც იყო, მერე კიდევ სახეზე ხელ აფარებული კაცი მირბის და ჟურნალისტი მისდევს.
სამწუხარო ფაქტია, მე უფრო მგონია, კომედიური ჟანრიდან არის, თუმცა ამით დაინტერესება საჭიროა, აუცილებელიც არის, მაგრამ ასეთი კონკრეტული დანაშაულებები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა“, – თქვა გია ვოლსკიმ.
„ევროპულმა საქართველომ“ ვიდეო წარადგინა, რომელშიც მათი მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დავით იმნაძე ცდილობს ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინოს.
„ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.