პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, რეგიონებში გუბერნატორების ხელმძღვანელობით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს.
აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში დილიდან ხონის, წყალტუბოსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ბაგა-ბაღების, სკოლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ობიექტების დეზინფექცია მიმდინარეობს.
ხონში დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან ერთად პროცესს პირადად უწევდა მონიტორინგს.
“იმერეთის მასშტაბით, 12-ვე მუნიციპალიტეტში დილიდან ისევ მიმდინარეობს სადენზიფექციო სამუშაოები. პირადად მაქვს კონტროლი ყველა სამუშაოებზე, რაც გაგრძელდება იქამდე, ვიდრე რისკის დონე არ იქნება მინიმუმადე დაყვანილი”, _ აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
მუნიციპალიტეტის მერის თქმით, შესაბამისი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.
“სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რამდენიმე დღის წინ ჩატარდა თათბირი და შესაბამისი დავალებების შესრულება დაუყონებლივ დავიწყეთ. გუშინ შევიძინეთ შესაბამისი აპარატურა და დილიდან ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სადენზიფექციო სამუშაოები დავიწყეთ. პროცესი რა თქმა უნდა, გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება”, _ განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, რეგიონებში გუბერნატორების ხელმძღვანელობით შექმნილია დროებითი სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრების და არასამეწარმეო იურიდიული პირების (აიპ) ხელმძღვანელები შედიან.
გუბერნატორები კი, თავის მხრივ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში სრულ ინფორმაციას აწვდიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარს.