მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს კოვიდ-19 დაუდასტურდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, ბრალდებულ ა.გ.-ს, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 8 ოქტომბერს დააკავეს. მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს, ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა იგი სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში მიიყვანეს. ვინაიდან ბრალდებული აჭარის რეგიონში დააკავეს, იქ არსებული მწვავე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მას პენიტენციური დაწესებულების პერიმეტრის გარეთ გაუკეთდა ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტი, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა. ამის გამო პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით, ა.გ. პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის შესაბამის კლინიკაში, სადაც მან PCR ტესტირება გაიარა და მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს კოვიდ-19 დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 11 ოქტომბრიდან ბრალდებული სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსებისთანავე აყვანილი იქნა ელექტრონული სამაჯურით კონტროლზე, რათა მასთან კლინიკაში პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრების ყოფნა არ ყოფილიყო საჭირო. შესაბამისად, ბრალდებული არათუ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ყოფილა მოთავსებული, არამედ პენიტენციური სისტემის თანამშრომლებთანაც არ ჰქონია შეხება. (R)
Developed By Web Features 2024 © All rights reserved