საბოლოოდ, პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ქართულ პოლიტიკურ აქტორებს ენიჭებათ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დანიელსონის განცხადებით, ბრიუსელში ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ანგარიშს წარადგენს.
“გარკვეული ასპექტით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრესი განხორციელდა პრეზიდენტ მიშელის 6 პუნქტიანი გეგმაში, ეს მისასალმებელი და შეუცვლელი გზაა კრიზისიდან გამოსასვლელად. რაც შეეხება სხვა საკითხებს, აქ ნაკლები პროგრესი იყო.
მე ხვალ ბრიუსელში დავბრუნდები და ანგარიშს წარვადგენ პრეზიდენტ მიშელთან. საბოლოოდ, პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ქართულ პოლიტიკურ აქტორებს ენიჭებათ, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის”, – განაცხადა დანიელსონმა.
მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ მხარეები ახლა სერიოზულად შეაფასებენ სიტუაციას.
“ვიმედოვნებ, რომ მხარეები ახლა სერიოზულად შეაფასებენ სიტუაციას წინ სვლაზე, საჭირო გზებზე, რომლებიც კომპრომისისთვისაა საჭირო, რათა მედიაციის პროცესი წარმატებით განხორციელდეს და მისი შედეგები უფრო თვალსაჩინო გახდეს. მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს ისაა, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს”, _ განაცხადა დანიელსონმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის,კრისტიან დანიელსონის მედიატორობით “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ლიდერების გაერთიანებული შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო და 9 საათზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას შემდეგ მან ცალკე-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. 17 მარტს კი მისი მედიაციით “ქართული ოცნების” ლიდერებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.
ipn.ge