პოლიტიკის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ,,გურია ნიუსთან“ პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც პოლიტოლოგი გვეუბნება, პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად გიორგი კვირიკაშვილზე უკეთესი კანდიდატი არ არსებობს. ექსპერტის თქმით, კვირიკაშვილის გადადგომა ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება.
,,დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი პრემიერ-მინისტრის შეცვლა დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის. დღეს არ მეგულება უკეთესი კანდიდატი პრემიერ-მინისტრის სავარძლის დასაკავებლად. კი, ბატონო, შეიძლება, რუსეთთან მიმართებით გაკეთებული განცხადება არ გამოვიდა და სასურველი შედეგი არ მოიტანა, მაგრამ ეს მისი ბრალი არ არის. ჩვენ ვაკვირდებით, რა ხდება რუსეთში, რა დამოკიდებულებაა რუსეთის მიმართ, როგორც ევროპაში, ასევე, შეერთებულ შტატებში. ჩვენთვის უკეთესი იქნება, არ ვიყოთ რუსეთის შემყურე, ჩვენი გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა გვქონდეს მხოლოდ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ხელშეწყობით. ქვეყანას საფიქრალი ბევრი აქვს და ჩვენს გასაკეთებელს ვერავიან გააკეთებს“, _ გვითხრა ცისკარიშვილმა.