კორონავირუსთან საბრძოლველად რუსეთის მიერ იტალიისთვის მიწოდებული ჰუმანიტარული დახმარების 80% უსარგებლო გამოდგა. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Stampa წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 21 მარტს რუსეთის პრეზიდენტსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის შემდეგ რუსეთმა ჰუმანიტარული დახმარებით თვითფრინავი იტალიაში გააგზავნა, ასევე იტალიაში ეპიდემიასთან ბრძოლისთვის ასობით რუსი სამხედრო სპეციალისტი ჩავიდა.
იტალიური გამოცემა La Stampa აღნიშნავს, რომ იტალიის მხარდაჭერით რუსეთი პოლიტიკური და დიპლომატიური მიზნების მიღწევას ცდილობს. გამოცემა ასევე ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ იტალიაში ჩასული რუსი სპეციალისტები მაღალი სამხედრო წოდების მქონე პირები არიან.