ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრი უკრაინელ კოლეგებთან ერთად პრემიერისთვის ემზადება.
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ინფორმაციით, ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრი და თეატრი გარმიდერი უკრაინა ლანჩხუთელი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით _ ,,46 შეხება“, 15-16 ივნისს წარსდგება კულტურის ცენტრში.
„პიესა გახლავთ ქართულ-უკრაინული კონპროდუქცია, პიესა მუშაობის პროცესში დაიწერა და სპექტაკლში მოყოლილი ისტორიები შექმნილია თავად მსახიობების მიერ, რაც ინდივიდუალიზმისა და შემოქმედებითი მიდგომის მაღალ ხარისხზე მეტყველებს.
,,46 შეხება“ _ ეს გახლავთ ქართულ-უკრაინული ამბავი მეგობრობაზე, სიყვარულსა და ომზე“, _ განმარტავენ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში.
მათივე ინფორმაციით, დაცული იქნება პანდემიასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.
ცნობისთვის, სპექტაკლის რეჟისორი კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში სამხატვრო ხელმძღვანელი ოთარ ქათამაძე გახლავთ, რომელიც 15-ზე მეტი პიესის ავტორია, დადგმული აქვს 12 სპექტაკლი და განასახიერა 30-ზე მეტი როლი.