საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ლანჩხუთში 500-მდე ოჯახის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
როგორც ირკვევა, ქალაქის სასმელი წყლის პრობლემების მოგვარების გზები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, გრიგოლ კაციასა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, ეკატერინე გალდავასთან ერთად განიხილეს. ადგილზევე მოინახულეს ის ქუჩები, სადაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, მოსახლეობას სასმელი წყალი წლებია არ მიეწოდება.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ლანჩხუთის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება სექტებრიდან იგეგმება და დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე მოხდება მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ლევან ჩხაიძის თქმით, პროექტის შესაბამისად, ამ მხრივ ინფრასტრუქტურული სამუშაოების გახორციელება ქალაქის ყველა იმ ქუჩაზეა გათვალისწინებული, სადაც წყლის მიწოდება არ ხდება.
„წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ეს პროექტი სრულად მოიცავს ცაბაძისა და ნათლისმცემლის ქუჩებს. ხოლო წმინდა ნინოს, მშვიდობის, დუმბაძის, ბარათაშვილის, ბაგრატიონისა და კუპრეიშვილის ქუჩებზე, სამუშაოები წყლის გარეშე დარჩენილ მონაკვეთში გახორციელედება“, -გვითხრა ლევან ჩხაიძემ.