ლანჩხუთის საკრებულოში ამ ეტაპისთვის განხილვის სტადიაშია საკითხი, რომელიც მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთათვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდას ითვალისწინებს.
როგორც გაირკვა, პროექტების მიხედვით, იგეგმება პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისა და მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტების სახელფასო ფონდის მოწესერიგება კანონის შესაბამისად.
დღის წესრიგის შესაბამისად, სწორედ აღნიშნული საკითხები განიხილეს ოპოზიციური ფრაქციის ,,ძალა ერთობაშიას“ სხდომაზე.
როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა, ლელა ჩახვაძემ „გურია ნიუსთან“ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, ის და მისი ფრაქციის წევრები არანაირი მატების წინააღმდეგი არ არიან და მიაჩნიათ, რომ ხელფასების მატება სხვა კატეგორიებსაც უნდა შეეხოთ.
„წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იგეგმება ხელფასების მატება მერიასა და საკრებულოში სამსახურების უფროსებისა და მთავარი სპეციალისტებისთვის. როგორც ვიცი, სამსახურის უფროსის ხელფასი, რომელიც ახლა 1500 ლარითაა განსაზღვრული, ფრაქციის თავმჯდომარეთა თანამდებობრივ სარგოს უნდა გაუთანაბრდეს, რომელიც 1700 ლარს შეადგენს. ჩვენი ფრაქცია, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არაა წინააღმდეგი ამ მატების, თუმცა, აქვე დავაყენეთ საკითხი, რომ კანონის შესაბამისად, მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსს სპეციალიტებსაც შეეხოთ სახელფასო ფონდის მოწესრიგება. ასევე, აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ საბავშვო ბაღში დასაქმებულებს: აღმზრდელებს, მზარეულობს, ძიძებს და ყველა აქ მომუშავეს გაეზარდოთ ანაზღაურება“, _ ამბობს ლელა ჩახვაძე, რომლის თქმითაც, ლანჩხუთელი საჯარო მოხელეებისთვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდა თებერვლიდან იგეგმება, მანამდე კი საკითხზე საკრებულოში იმსჯელებენ.