პარტია “ლელო” პრემიერ ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესს იწყებს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ლევან სამუშიამ განაცხადა.
სამუშიას განცხადებით, “ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის” საგამოძიებო რეპორტაჟში სახეზეა სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს.
“ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული. საქმე გვაქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე და როდესაც გუშინ ეს გადაცემა გადიოდა ეთერში, რომელიც სავსეა პირდაპირი მტკიცებულებებით, აღიარებითი ჩვენებებით, უნდა დაწყებულიყო გამოძიება. საქართველოს პროკურატურაში უკვე უნდა იყოს დაწყებული გამოძიება, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ პროკურატურა მსგავს შემთხვევებში არათუ გამოძიება არ იწყებს, საერთოდ არანაირ წინასაგამოძიებო ქმედებებს არ ახორციელებს.
ყოველი აღნიშნულიდან გამომდინარე, პარტია “ლელომ” მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურები პრემიერ ღარიბაშვილის სავარაუდო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. აღნიშნულს ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლი. მოვიწოდებ ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს, პარლამენტის წევრებს შემოუერთდეს იმპიჩმენტის პროცესს. ლელო ყველაფერს გააკეთებს და იმუშავებს იმპიჩმენტის პროცედურაზე”, – განაცხადა ლევან სამუშიამ.
ინფორმაციისთვის, “ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში” გასული გამოძიება, ეხებოდა ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისს, ამერიკულ ძვირადღირებულ არდადეგებს და ნუნუკა თამაზაშვილის ციხე-სიმაგრეში გადახდილ დაბადების დღეს.
რამდენიმე დღის წინ კი მთავრობის სტრატკომმა განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა.