„გამომცემლობა “ახალმა ქართველმა” გამოსცა რუსთველის პოემის ახლებური ტექსტი, რომელშიც შავი ტუშით წაშლილია პირველი თავი და ყველა ის სტროფი, რომელიც ქალის და კაცის თანასწორობაზე მიანიშნებს. ეს გამოცემა მშვენიერი საჩუქარია იმ ახალი ქართველებისთვის, რომელთაც სურთ, დაიჯერონ, რომ თინათინი არ გამეფებულა და საერთოდაც “ვეფხისტყაოსანი” ქალის გამეფების წინააღმდეგია.
გარდა ამისა, გამოსაცემად მზადდება კიდევ რამდენიმე ნაწარმოები:
“წამებაჲ ვარსქენისაჲ”, სადაც მგელი იგი შუშანიკი ასტამით ცემს ვარსქენს და არ აძლევს სხვა ცოლების მოყვანის უფლებას;
“უკუღმართი ქართლის ცხოვრება”, რომელიც აღადგენს ისტორიულ სამართლიანობას – გიორგი ბრწყინვალე, თამარი და ერეკლე შერაცხულები არიან მოღალატეებად, ხოლო შაჰ-აბასი და აღა-მაჰმად-ხანი – ეროვნულ გმირებად.
მალე გამოვა “ახალი გლახის ნაამბობი”, რომელშიც თამრო აუპატიურებს დათიკოს, მერე მარჯვენას აჭრის და ჭამს.
P.S. ახალ ლიტერატურას დაწაფებულ ახალ ადამიანებს უთუოდ გაახარებთ ის ამბავიც, რომ ქაჯეთის ციხის აღების დროს, როდესაც მისი მცველები ერთიანად გაწყვიტეს, ნამდვილი ქაჯები სხვაგან იყვნენ წასულები, ამიტომაც გადარჩნენ, მთელ მსოფლიოს მოედვნენ და აგრძელებენ ქაჯობებს“ – წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო ბორდის თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე.