ვიმედოვნებთ, რომ ამ 2 დღეში კონკრეტული შეთანხმება შედგება, რადგან ორივე მხარეს მოგვიწევს გარკვეული კომპრომისებით წარვდგეთ ერთმანეთის წინაშე და საბოლოო ჯამში ეს ქვეყნისთვის პოზიტიურ შედეგს გამოიწვევს, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„კარგი კონტურები გამოიკვეთა, ამ ეტაპზე გადაკვეთის წერტილია ის, რომ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს ჩვენც და ოპოზიციასაც. ეს პოზიტიური მოლოდინი გააჩინა ევროპელი პარტნიორებისა და აშშ-ის ელჩის დამოკიდებულებამ და შრომამ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ 2 დღეში კონკრეტული შეთანხმება შედგება, რადგან ორივე მხარეს მოგვიწევს გარკვეული კომპრომისებით წარვდგეთ ერთმანეთის წინაშე. საბოლოო ჯამში ეს გამოიწვევს ქვეყნისთვის პოზიტიურ შედეგს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2024 წლისათვის უნდა მოვახერხოთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა და შემდეგ წლებში ვიფიქროთ ევროკავშირის წევრობაზე. ეს უნდა იყოს ქმედითი ნაბიჯების ერთობლიობა და ჩვენ ახლა ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებით გვაქვს უნიკალური შანსი, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე და დავასრულოთ დაძაბულობა“, – განაცხადა მდინარაძემ.