რეალურად, ოპოზიციას სურს, რომ კანონი იმგვარად არეგულირებდეს პარტიების დაფინანსებას, რომ მათ შეეძლოთ ბოიკოტიც კი არ გამოაცხადონ, უბრალოდ, არ იარონ, არ შემოვიდნენ პარლამენტში, მათზე დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულონ და ისე მიიღონ დაფინანსება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიას დაფინანსება არ შეუწყდება, თუ ის ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება, ამიტომ ოპოზიციის განცხადებები კანონპროექტის სადამსჯელო მექანიზმად გამოყენების შესახებ სპეკულაციას წარმოადგენს.
„ეს ოდნავ უტრირებულად ნიშნავს, რომ, მაგალითად, რომელიმე თქვენგანმა თქვას, მე ხელფასი უნდა მომცეთ, სამსახურში ვივლი თუ არა. როცა პარტია და მისი საპარლამენტო შემადგენლობის ნახევარი უბრალოდ უარს ამბობს ბოიკოტის რეჟიმზეც კი, ამ შემთხვევაში მათ არ დაუფინანსდებათ პარტია. სადამსჯელო ღონისძიებებზე საუბრობენ სპეკულაციურად და დიდი ხნის განმავლობაში არის უკვე ნორმა პარლამენტის რეგლამენტში, რომ თუ ნახევარზე მეტს გააცდენს დეპუტატი, ხელფასს ვერ მიიღებს. არავის მოფიქრებია ამის სადამსჯელო ღონისძიებად შეფასება, რადგან ეს სწორია, ასევე სწორია პარტიების დაფინანსებაზე ჩვენი პროექტიც“, – განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტმა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მეორე მოსმენით მიიღო.