კითხვა დაისვა, რას გვაძლევს ეს პროცედურა? პირველი, სრულ ლუსტრაციაა, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენს მიერ ერთ დროს მხარდაჭერილი პრეზიდენტი აბსოლუტურად „ნაცმოძრაობის“ ნარატივშია, – აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ სამწუხარია, რომ სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე არ დაესწრო სხდომას, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხი განიხილება.
“ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება მასთან დაკავშირებულ განხილვას. თავად მოუწოდა ნაცებს [არ დასწრებოდნენ სხდომას], რომლებსაც არ ენდო, ვაითუ ხმა გაეპაროთ ჩემი იმპიჩმენტის მხარდასაჭერადო, მაგრამ თავადაც არ დაესწრო ამ სხდომას,
ეს შემთხვევითი არ არის. არ ნდობა გამომდინარეობს ერთ-ერთი ვერსიიდან – საერთო დავალების მიმცემების პოზიციიდან, რომლებიც გეგმავენ, რომ სალომე ზურაბიშვილისგან, გიორგი გახარიასგან და სხვებისგან გამოიყვანონ ე.წ. მესამე ძალა და ამით ქართული საზოგადოება მოატყუონ. ხომ არ არის ეს ყველაფერი, რასაც აკეთებენ ამ დიდი გეგმის შემადგენელი ნაწილი და რასაც ბატონი ვოლსკი ბრძანებდა – ხომ არ არის ეს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების რაღაც ნაწილი. ეს გამართლდება თუ არა შემდეგი პროცესები გვაჩვენებს.
პარადოქსია, რომ არცერთ ოპოზიციონერ დეპუტატს არ ულაპარაკია იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც განვიხილავთ. არ მოუტანიათ არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლება ნდობა გამოეცხადებინა მთავრობას სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც აცხადებდა, რომ არც შარშან და არც წელს ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. არცერთი არგუმენტი ასევე არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია არ დაარღვია. ასეთი არგუმენტების ნაცვლად ილაპარაკეს ყველაფერზე, იკადრეს ყველაფერი“, – განაცხადა მდინარაძემ.