პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუცია განიხილეს. რეზოლუციასთან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და საპარლამენტო ოპოზიციის პოზიცია თანხვედრაშია. ამავე სხდომაზე რუსეთის მისამართით გიორგი კვირიკაშვილის მიმართვა არასწორ ნაბიჯად შეაფასა ,,ევროული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ. მისი თქმით, პრემიერის წერილი ,,ევროპულ საქართველოსთან“ ერთად თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკრიტიკა.
,,ეს რეზოლუცია ქმნის შანსს, რომ ერთიანი პოზიცია დავაფიქსიროთ იმ საკითხზე, რაზეც ვთანხმდებით, ანუ იმაზე, რომ დასაგმობია რუსეთის ფედერაციის ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რომ მიუღებელია, როცა ჩვენი თანამოქალაქეები კვდებიან ან მათ უფლებებს ლახავენ იქ. აქედან გამომდინარე, მე შეგნებულად არ შევედი ღრმა შეფასებაში, რატომ მიმაჩნია პრობლემატურად პრემიერ-მინისტრის განცხადება.
მე მგონი ვერ გაიგეთ ან სხვა რაღაცაში აგერიათ, პრემიერ-მინისტრის განცხადება პოზიტიურად შეაფასა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. პოზიტიურად შეაფასა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ, ცნობილია მისი პოლიტიკური პარტია რა პლატფორმაზეა და ასევე მიესალმა ქალბატონი ირმა ინაშვილი და ,,პატრიოტთა ალიანსი“. გააკრიტიკა ,,ევროპულმა საქართველომ“, გააკრიტიკა თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც საქართველოშია. ჩვენმა პარტნიორებმა, კარგად შეგიძლიათ ნახოთ, მოგვიწოდეს სიფრთხილისკენ, ამიტომ მე მგონი, არასწორია, როცა თქვენ ამბობთ, რომ თურმე ჩვენ, რუსეთი და საოკუპაციო რეჟიმები ერთ მხარეს ვართ და თქვენ სხვა მხარესო“ , _ განაცხადა კაპანაძემ.