ერთ – ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ბევრი ადამიანი თავის არჩევანს შეაჩერებს კოალიციის სასარგებლოდ, არის შემდეგი – მოვწონვართ ჩვენ ბევრს თუ არა, ამ ქვეყანას ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მოსაკლავი არ ჰყავს, განსაკუთრებით, ღარიბაშვილის, კობახიძის, ივანიშვილის და სხვების ხელით, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს არის ისტორიული შანსი, დასრულდეს ისტორიული უსამართლობა და გადარჩეს ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე.
„გადაჭარბების გარეშე, მე ძალიან მოხარული ვარ, განსაკუთრებით უკანასკნელი კვირების მანძილზე, ჩვენ არ ავყევით ხელისუფლების და მის მიერ კონტროლირებადი მედიის პროვოკაციებს, არ ავყევით დაპირისპირებას, შუღლის გაღვივების მცდელობას იმიტომ, რომ თავიდანვე ნათელი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კოალიციური მმართველობის არსებობა გახდა რეალური, რომ ეს არის “ქართული ოცნების” თამაში. “ქართული ოცნება” ჩემზე კარგად აცნობიერებს, რომ მათ მხარდაჭერა არ აქვთ. არ შეიძლება ხელისუფალს ჰქონდეს მხარდაჭერა და ყოველდღიურად იარაღს, ნარკოტიკს უდებდეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. თუ ძლიერი პოზიციიდან არიან წარმოდგენილნი, რატომ აკეთებენ ამას? რატომ აშრიალებენ ფულს, რატომ ძალადობენ? ერთ- ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ბევრი ადამიანი თავის არჩევანს შეაჩერებს კოალიციის სასარგებლოდ, არის შემდეგი – მოვწონვართ ჩვენ ბევრს თუ არ მოვწონვართ, ამ ქვეყანას ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მოსაკლავი არ ჰყავს, განსაკუთრებით, ღარიბაშვილის, კობახიძის, ივანიშვილის, შალვა რამიშვილის და სხვების ხელით. ამიტომ მე ვფიქრობ, დღეს ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, ყველაფერთან ერთად, დავასრულოთ და ავლაგმოთ ისტორიული უსამართლობა, გადავარჩინოთ ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე და ეს ასეც იქნება. ამაში რამდენიმე საათში ყველა ერთად დავრწმუნდებით, რომ ისტორია დღეს დაიწერება და ამით დიდწილად დასრულდება პოლიტიკური დევნა და საზოგადოების, სამოქალაქო დახლეჩის ეპოქა.
ახლა ყველანი კიდევ უფრო მეტნი უნდა მოვიდეთ საარჩევნო უბნებზე და ყველანაირი მანიპულაცია, რომელსაც ეწევა ხელისუფლება და დიახ, ამის გარეშე ისინი ვერ აკეთებენ – დიახ, ისინი ხმებს კი არ იღებენ, ხმებს აკეთებენ, ესეც უნიკალური მოცემულობაა ჩვენს ქვეყანაში და მაღალი აქტივობა არის გარანტი, რომ არანაირი ეფექტი, ხელისუფლების მხრიდან გაყალბების რა მასშტაბიც უნდა იყოს, არ ექნება”, – განაცხადა მელიამ.