თბილისის მერიის პრესსამსახური კახა კალაძის განცხადებას ავრცელებს, რომელიც მან თბილისში გაზმომარაგების ქსელში მომხდარ დაზიანებასთან დაკავშირებით გააკეთა.
„იყო ვარაუდი, რომ შეიძლება მესამე პირის ჩარევის შედეგად მოხდა დაზიანება. ადგილზე რომ მივიდნენ და ნახეს მაღალი წნევის გაზმომარაგების მილი როგორი დაზიანებული იყო, აღმოჩნდა, რომ პრობლემა უშუალოდ გადაბმის წერტილში იყო. ამ ეტაპზე, იმაზე საუბარი, რომ მესამე პირის ჩარევით მოხდა აღნიშნული შემთხვევა, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ჯერ გამოძიება დაწყებული არ არის. თუ კი რაიმე ახალი ინფორმაცია იქნება, საზოგადოებას მიაწოდებენ.
დღეს, ჩვენ მოვისმინეთ „თბილისი ენერჯის“ განცხადება, რომ პრობლემა ფაქტობრივად აღმოფხვრილია. კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციაც მქონდა. ბუნებრივი აირის მომხმარებლის დონეზე გაშვება შესაბამისი რეგულაციებისა და უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით მოხდება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.