ინფრასტრუქტურის განვითარება სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ–ერთი მსხვილი პრიორიტეტია, რომელზეც ყოველწლიურად მილიონობით ლარი იხარჯება. მიუხედავად ამისა, რეგიონებში მიმდინარე სამუშაოების ხარისხი და ვადები ხშირად ხდება საზოგადოებრივი დაკვირვების საგანი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილობრივი სამოქალაქო სექტორი აქტიურად აკვირდება და აფასებს.
გარემოსდამცველი გიორგი მეხუზლა მიმდინარე პროცესებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ პრობლემა სისტემურ ხასიათს ატარებს:
“სამუშაოები შეყოვნებულია, ასფალტი კი, რომელიც დააგეს, უსწორმასწოროდ გაკეთებულია. უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო ბევრ ადგილას ჭიშკრებს უჭირდა გაღება და შემდეგ გაასწორეს.
კარგი იქნება, ოზურგეთის მერია თუ მოსთხოვს პასუხს შემსრულებელს, თვითონაც ამ გზებზე გადაადგილდებიან და არა მგონია კომფორტული იყოს ამ უხარისხოდ გაკეთებულ გზებზე გადაადგილება“.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური დოკუმენტაცია მიუთითებს, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხისა და ვადების ცვლილების დინამიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული სატენდერო სისტემაში არსებულ სპეციფიკურ პირობებთან.
აღნიშნული კვლევების ცენტრში მოქცეულია შპს “გზა”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ჭყონიაა. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებით, შპს “გზას” ქვეყნის მასშტაბით სულ მოგებული აქვს 274 სახელმწიფო ტენდერი, ხოლო კომპანიის სატენდერო მოგების მაჩვენებელი 93%-ს შეადგენს.
როგორც ირკვევა, აჭარაში შპს “გზა” მსხვილ ტენდერებს ხშირად სპეციფიკური გეოგრაფიული ბარიერების დახმარებით იგებს. მაგალითად, ბათუმის მერიის პირობით, მონაწილეს სამუშაო ობიექტიდან 30 კილომეტრის რადიუსში უნდა გააჩნდეს მოქმედი ასფალტის ქარხანა, რაც მკვეთრად ზღუდავს კონკურენციას სხვა პოტენციური მიმწოდებლებისთვის.
სამოქალაქო სექტორის დაკვირვების საგანია მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტების გაფორმების თარიღებისა და მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაღებული ფინანსური შემოწირულებების ქრონოლოგიური თანხვედრა. მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ შპს “გზასთან” დაკავშირებული პირები პარტიულ სალაროში თანხებს ძირითადად მსხვილი შესყიდვების დასრულების წინა დღეებში რიცხავდნენ.
კონკრეტულად, 2026 წლის მარტში, ბათუმის მერიასთან 29-მილიონიანი ხელშეკრულების გაფორმების მიმდინარეობისას, შემოწირულებების დინამიკა შემდეგნაირად განვითარდა:
6 მარტი: მალხაზ დუმბაძე (შპს “გზის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და დირექტორი) პარტია “ქართულ ოცნებას” ურიცხავს 30 000 ლარს;
10 მარტი: ჯიმშერ ზოიძე (გიორგი ჭყონიას წილის ოფიციალური მმართველი კომპანიაში) მმართველ პარტია წირავს 15 000 ლარს;
11 მარტი: ჯემალ ჭყონია (კომპანიის ბიზნეს-პარტნიორი) “ოცნებას: წირავს 15 000 ლარს;
12 მარტი: გიორგი ჭყონია (კომპანიის 100%-იანი მესაკუთრე, პარლამენტის წევრი) მმართველ პარტიას პირადად წირავს 60 000 ლარს.
13 მარტი: მომდევნო სამუშაო დღეს, შპს “გზასა” და ბათუმის მერიას შორის ოფიციალურად ფორმდება 29 163 899-ლარიანი სახელმწიფო ხელშეკრულება.
აღნიშნული კომპანიის მფლობელების, მენეჯმენტისა და მათთან დაკავშირებული პირების მიერ მმართველი პარტიისთვის სხვადასხვა წლებში გაღებული შემოწირულებების ჯამური ოდენობა 926 000 ლარს შეადგენს.
სახელმწიფო შესყიდვების საჯარო ბაზაში დაცული ოფიციალური დოკუმენტები საშუალებას იძლევა დეტალურად გაანალიზდეს უშუალოდ გურიის რეგიონში გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, ხარისხის გარანტიები და საპროექტო ცვლილებები.
ქ. ოზურგეთში, მალაზონიასა და ბაქრაძის ქუჩების რეაბილიტაცია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, მერის ავთანდილ თალაკვაძის სახით, ქ. ოზურგეთში მალაზონიას ქუჩის დარჩენილი მონაკვეთისა და ბაქრაძის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებზე ხელშეკრულება შპს “გზასთან” 2022 წლის 28 სექტემბერს, NAT220016084 ტენდერის საფუძველზე გააფორმა.
ხელშეკრულების საწყისი ღირებულება 1 149 998,85 ლარს შეადგენდა. ანგარიშსწორების მოდელის მიხედვით (მუხლი 5, პუნქტი 5), 2022 წლის განმავლობაში კომპანიას აუნაზღაურდებოდა არაუმეტეს 345 000 ლარისა, მიუხედავად შესრულებული სამუშაოების მოცულობისა. დანარჩენი თანხა _ 764 748,91 ლარი კი 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გაცემულიყო. სამუშაოს ზედამხედველად კერძო კომპანია შპს “თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი” იქნა აყვანილი.
კორექტირება და ბიუჯეტის გაზრდა (2022 წლის ნოემბერი-დეკემბერი): სამუშაოების დაწყებიდან მალევე, შპს “გზის” მიმართვისა და საპროექტო ჯგუფის რეკომენდაციით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დაკორექტირდა. სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის საფუძველზე, ხელშეკრულების ღირებულება 49 351,36 ლარით გაიზარდა და 1 199 350,21 ლარით განისაზღვრა. ამ დამატებითი ხარჯის წყაროდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი მიეთითა.
ფაქტობრივი შესრულება (2023 წლის 17 თებერვალი): მერიის სამუშაო ჯგუფის #313-5 ინსპექტირებისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, საბოლოო ღირებულება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით 13 660,00 ლარით შემცირდა და 1 185 690,21 ლარი შეადგინა.
დაბა ლაითურში შიდა გზების რეაბილიტაცია
2023 წლის 24 მარტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და შპს “გზას” შორის გაფორმდა #108 ხელშეკრულება, რომლის ჯამური ღირებულება 2 378 952,41 ლარით განისაზღვრა. ერთი წლის განმავლობაში გაფორმებულმა 7 ოფიციალურმა შეთანხმებამ შეცვალა სამუშაოების გრაფიკი:
პროექტი 3 წელზე ნაწილდებოდა (2023 წელს _ 375 000 ლარი, 2024 წელს _ 1 174 380 ლარი, 2025 წელს _ 830 082 ლარი). დასრულების ვადად 2024 წლის 25 აგვისტო განისაზღვრა.
ვადების გადაწევა და ფინანსური მობილიზება (ცვლილებები #1-#4): საპროექტო ხარვეზების გამო ვადამ გადაიწია 2024 წლის 15 ნოემბრამდე. თუმცა, მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, ფინანსური გრაფიკი შეიცვალა და მომდევნო წლების ასათვისებელი ბიუჯეტი გადმოიტანეს 2023 წელში.
სამუშაოების კორექტირება (ცვლილება #5): 2023 წლის 3 ნოემბერს შპს “გზამ” წარადგინა ახალი ხარჯთაღრიცხვა. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის მიმართვის შემდეგ, საპროექტო ორგანიზაციამ (შპს “ლ დიზაინ გრუპი”) დაადასტურა, რომ თუ შემსყიდველი თანახმა იყო, ისინი წინააღმდეგობას არ გამოთქვამდნენ. ცვლილება ძალაში შევიდა 10 ნოემბერს.
თანხების სრული გადატანა და დახურვა (ცვლილებები #6-#7): 2023 წლის 25 დეკემბერს მთავრობის #2334 განკარგულებით, პროექტის სრული ღირებულება (100%) მიემართა 2023 წლის ბიუჯეტში. 2024 წლის 26 მარტს გაფორმდა მე-7 შეთანხმება, რომლითაც, 2023 წლის 1 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტზე დაყრდნობით, სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 2 368 904,07 ლარით. ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტმა დააკავა 59 222,60 ლარი, რომლის მოთხოვნის უფლება კომპანიას 2025 წლის 2 მარტამდე ჰქონდა.
ურეკისა და ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემების ოპტიმიზაცია
კომპანია ასევე ახორციელებს რეგიონისთვის სტრატეგიულ პროექტს: ურეკში 2 ახალი ჭაბურღილის მოწყობას, ქვემო ნატანებისა (წითელი სხივი, ნარუჯა) და ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემების ოპტიმიზაციას.
აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც “მშენებლობა განვადებით” პრინციპით ხორციელდება, 2023 წლის იანვარში დაიწყო და თავდაპირველი გეგმით 2025 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ტექნიკური მიზეზებისა და ვადების კორექტირების გამო, ხელშეკრულებაში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა. ბოლო იურიდიული შეთანხმებით, რომელიც 2026 წლის აპრილში გაფორმდა, სამუშაოების საბოლოო შესრულების ვადად 2026 წლის 16 სექტემბერი განისაზღვრა, ხოლო ხელშეკრულების მოქმედება 29 ნოემბრამდე გახანგრძლივდა.
2022 წლის 23 დეკემბერს შპს “საქართველოს მელიორაციასა” და შპს “გზას” შორის “მშენებლობა განვადებით” პრინციპით გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება (Design-Build): #1-608/22 (NAT220021039): სუფსის მასივის დამშრობი სისტემის #3 სატუმბი სადგურის და დამშრობი ქსელის აღდგენა-რეაბილიტაცია.
2022 წლის ოქტომბერში შპს “საქართველოს მელიორაციასა” და შპს “გზას” შორის გაფორმდა 4.8-მილიონიანი კონტრაქტი სუფსის მასივის დამშრობი სისტემის რეაბილიტაციაზე, რომელიც ითვალისწინებდა როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე სამუშაოების წარმოებას.
2023 წლის ნოემბერში ტექნიკურ-ეკონომიკური საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებით შეწყდა. დოკუმენტების მიხედვით, მიზეზად დასახელდა საარქივო საპროექტო მონაცემების შეუსაბამობა რეალობასთან, ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო შეცვლილი ჰიდროლოგიური პირობები და მასალების გაძვირება, რის გამოც კომპანიამ სამუშაოების გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. ვინაიდან ექსპერტიზირებული პროექტი არ მომზადებულა, ფინანსური ანგარიშსწორება არ გახორციელებულა, თუმცა სახელმწიფო პორტალზე შესყიდვას ამ დრომდე აქვს სტატუსი _ “შესრულებული”.



































































