ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიანის მკვიდრი გურამ ბერიძე ერთ-ერთი იმათთაგანია, ვისაც 7 სექტემბერს, გურიაში მოსულმა უხვმა ნალექმა ზარალი მიაყენა. გურამის კარმიდამო წყლითაა დაფარული. როგორც თითონ ჩვენთან საუბრისას ამბობს, წყალმა გაუნადგურა ყველაფერი და სადაცაა სახლშიც შეუვათ. გურამი სახლში ძმასთან ერთად ცხოვრობს. მან სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა პოსტი და მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა.
“მეგობრებო, ეს არის ჩემი ეზო, სადაც ვცხოვრობ. ყველა მხრიდან წყალი არის შემოსული, ღობეები ნარგავები თუკი რამე მქონდა ეზოში, გამინადგურა ყველაფერი. სახლში გათევაც კი საფრთხეს წარმოადგენს, რადგან დიდი რაოდენობით მიწა აქვს წაღებული და 2 მეტროც კი არ არის დარჩენილი წყალი სახლამდე. დავრეკე 112-ში, დავურეკე გამგებელს. ასევე, ვიყავი ლანჩხუთშიც მისული და არავის არც დაურეკავს და არც მოსულა სანახავად.
მითხარით, ვის მივმართო, რა გავაკეთო, სად წავიდე?!
ორი ობლად დარჩენილი ბიჭი ვართ სახლში. გთხოვთ, გააზიარეთ და თუკი ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, დამეხმარეთ, რომ მივაწვდინო ხმა ჩვენს მთავრობას ან ჟურნალისტებს, ან ვინმეს ვინც ყურადღებას მომაქცევს და დამეხმარება ამ მძიმე სიტუაციაში”, _ წერს სოციალურ ქსელში გურამ ბერიძე.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ შეტყობინება გადაეცა რეგიონის ცხელ ხაზს და მოქალაქეს მალე დაუკავშირდებიან.