რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი აღნიშნავს, რომ კომპანია „ენკას“ მიერ „ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური წყაროდან არ დასტურდება, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს იქნება სასიხარულო ფაქტი.ვარლამ გოლეთიანის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტა გამოიწვევს ეკონომიკურ სანქციებსაც, თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, კომპანიის დარჩენის შემთხვევაში ზარალი უფრო დიდი იქნებოდა.
„ჯერჯერობით, ველოდებით დადასტურებას, იმიტომ რომ სამინისტროებისგან არ გაკეთებულა კომენტარი და არც „ენკას“ თავის პირად გვერდზე არ დაუწერია. უფრო შემოვლითი წყაროებით გავიგეთ, ამიტომ მაინც საბოლოო კომენტარი რომ გავაკეთო, ამისთვის მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია საბოლოოდ დადასტურდეს, რომელსაც ვფიქრობთ, რომ მართალია და სასიხარულო ფაქტია. ეს იყო ჩვენი თითქმის ერთ წლიანი პროტესტის მიზანი და ეს მიზანი შეიძლება ითქვას მიღწეულია.
ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად იქნება ფინანსური სანქციები ჯარიმის სახით, ოღონდ ჯერ არბიტრაჟში უნდა წავიდეს „ენკა“, შემდეგ სასამართლო დავის გზით გადაწყდება რამდენი და რა მოცულობის თანხა იქნება. თუმცა ზუსტად ვიცით, რომ ხელშეკრულება იმდენად კაბალური იყო, რომ ენკას დარჩენის შემთხვევაში რიონის ხეობაში გაცილებით დიდი იქნებოდა ფინანსური ზარალი, ვიდრე მისი გასვლით იქნება თუნდაც ახლა ერთჯერადად სახელმწიფოსთვის.
ეს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს ხელისუფლებას, ვინც ეს ხელშეკრულება გააფორმა. ამიტომ იმ ხალხის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ბუნებრივია, ვინც ასე უდიერად განკარგავს რესურსებს და დებს მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებს. გიორგი გახარიამაც თქვა მის გამოსვლაში, რომ ეს კიდევ კარგი ვარიანტია ბევრად უფრო უარესებია სხვებიო, ამიტომ ქართველი ხალხის გვერდის ავლით ხდება ხოლმე ასეთი უკანონობები, რასაც კიდევ ბრძოლა სჭირდება. სანამ არ დაიწყება „ენკას“ რიონის ხეობიდან წასვლა ტექნიკით და ასე შემდეგ, მანამდე აქედან ფეხს არ მოვიცვლით, ხოლო თუ დაიწყებენ რიონის ხეობის დატოვებას, ჩვენც დავიშლებით“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
კითხვაზე თუკი მომავალში გამოჩნდება კომპანია, სხვა ადგილას ახალი ჰესის მშენებლობის ინიციატივით, მისაღები იქნება თუ არა ვარლამ გოლეთიანისთვის, მისი თქმით, თუ ეროვნული ინტერესები იქნება დაცული, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
„თუკი მომავალში სხვა ადგილას მსგავსი პროექტის მშენებლობის იდეა წარმოიშვება, თუ იქნება ეროვნული ინტერესი დაცული და იმ ადამიანის უფლებები იქნება გათვალისწინებული, ვინც იმ არეალებში ცხოვრობს და არა მარტო იმ არეალებში, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის, ეს იქნება მოგებიანი, ეროვნული ინტერესების მატარებელი და დამცველი, ბუნებრივია, არავინ წინააღმდეგი არ არის არაფრის მშენებლობის ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
წყარო: pia.ge