მოკლული დავით სარალიძის მამა საქმის ახალ გარემოებებს დღეს გენერალურ პროკურატურაში გაეცნობა. როგორც სარალიძე ამბობს, პროკურატურა საქმის გაყალბებას ცდილობს. შვილმკვდარი მამა თვლის, რომ საგამოძიებო უწყება მიხეილ კალანდიასთვის ხელის დაფარებას აგრძელებს.
ზაზა სარალიძისთვის მიუღებელია საპატიმროდან უახლოეს მომავალში მირზა სუბელიანის გათავისუფლებაც. ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივა.
„არა მარტო პროკურატურა, შს სამინისტრო და ყველა უწყება ცდილობს, რომ ეს საქმე მიაძინოს. აუცილებლად უნდა გადავხედო ჩემს უფლებადამცველთან ერთად საქმის მასალებს. ფაქტია ისევ და ისევ მიდის მიხეილ კალანდიას ხელის დაფარება, ფაქტია მიდის ამ მასალების გაყალბება და წარმოჩენა ისე, რომ თითქოს არაფერი არ დაშავებულა დღემდე, მაგრამ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ჩემი შვილის მკვლელი კიდევ ორი ადამიანი გარეთ დადის,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.