ბოლო წლებია, ლანჩხუთში წესად დამკვიდრდა რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ეტაპობრივად გახორციელება. რა თქმა უნდა, მსგავსი მიდგომით, პრობლემის ბოლომდე მოგვარება ვერ ხერხდება, ხშირ შემთხვევაში კი, მოსახლეობა უკმაყოფილო რჩება და გახორციელებული სამუშაოების შესრულების პრინციპთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი უჩნდება.

ამის ერთ-ერთი მაგალითია ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ არსებულ ზაალ მდინარაძის ქუჩა, რომელიც მსოფლიოში, ალბათ, ყველაზე მოკლე ქუჩაა.
ზაალ მდინარაძის ქუჩაზე ასფალტის საფარი 2016 წლის ზაფხულში, წინა საარჩევნო პერიოდში მხოლოდ იმ ნაწილზე დაიგო, სადაც “ქართული ოცნების” ოფისი მდებარეობს, ქუჩის მეორე ნაწილი კი, დაახლოებით, 70 მეტრი, ოფსაიდში დარჩა. არადა, ქუჩის ამ მონაკვეთზე გაცილებით მეტი მოსახლეა, თან ის ერთადერთი სამანქანო გზაა, რომელიც იქვე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოსთან მიდის.
რატომ სანახევროდ და არა სრულად? ამ კითხვით მაშინ “გურია ნიუსმა” ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ლევან ჩხაიძეს მიმართა და განმარტებად მიიღო, რომ სამუშაოები ქალაქის ყველა ქუჩაზე პროექტის შესაბამისად გახორციელდა, მოცემული თანხების შესაძლებლობის ფარგლებში.
მაშინ ჩხაიძეს არ დაუკონკრეტებია, როდისთვის იყო გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გახორციელება მდინარაძის ქუჩის იმ ნაწილში, რომელიც 2016 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხაში ვერ მოხვდა.
ირკვევა, რომ ქალაქის ცენტრში, ცენტრალური სკვერის მიმდებარე ქუჩის ეს მონაკვეთი ყველას გადაავიწყდა. მოსახლეობა კი, რომელიც მეოთხე წელია პრობლემის მოგვარების ამაო მოლოდინშია, ამჯერად სოციალური ქსელის საშუალებით ცდილობს, მიიპყროს მავანთა ყურადღება და აქ შექმნილ მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს, რომელსაც იქვე არაერთი კომენტარი მოჰყვა:
“ამ ქუჩაზე მცხოვრებთა შორის მეც ვარ. 12 წლის მანძილზე, ყოველ დღეს მიხდებოდა ამ გზის გავლა სკოლაში მიმავალს და მერე გამოვლაც უკან მომავალს. ეს ადგილი ჩემი ყოველდღიურობაა და რაც უფრო გადის დრო, მით უფრო მეტად ნადგურდება. ადრე არსებული, შედარებით მცირე ზომის ორმოები, დღეს დიდ, თითქმის თხრილის ოდენადაა ქცეული… მე რომ შესაბამისი ფულადი სახსრები გამაჩნდეს, საერთოდ არავის დავეკითხებოდი, ისე დავაგებდი იმ უბანში გზას, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება უკავშირდება”, _ წერს სოციალურ ქსელში მდინარაძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები დავით წულაძე.
პრობლემის გადაჭრაში ზოგს კარს მომდგარი არჩევნები ეიმედება: “მართლაც არ ეკადრება ასეთი გზა ქალაქს ცენტრში. არჩევნები მოდის, თუ ვიაქტიურებთ, მალევე გააკეთებენ”.
თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც არჩევნებთან დაკავშირებულ ოპტიმიზმს სულაც არ იზიარებენ: “დაგეგმილიაო, ალბათ, იტყვიან. დაგეგმვა კარგია, მაგრამ შესრულება უნდა მოხდეს სწრაფად და ხარისხიანად. 21-ე საუკუნეს და გზების და ხიდების პრობლემებზე ვსაუბრობთ ადამიანები, როცა ცოტა ხანში მარსზე დაიწყებენ დასახლებას”;
“იტყვიან დაგეგმილიაო, გეთანხმები. მერე არჩევნების წინ მოვლენ, ნახავენ, პროექტში არის, მალე იქნებაო და… გავიდა ამასობაში ცხოვრება!”
ზოგიერთი კი ჩვეულ იუმორს იშველიებს პრობლემის წარმოსაჩენად: “ნავი იყიდოს მერიამ, ქე მაინც იაფში გამოვლენ”; “მანქანაში თბილად ჯდომა კარგია, მაგრამ ვისაც არ ჰყავს, იცუროს თუ ბოტებით იაროს?!”; “მოვა ზაფხული და დაშრება”.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, რეალურად რა გეგმები აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას ამ კუთხით და იგეგმება თუ არა ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ არსებული ქუჩის, რეაბილიტაციის გარეშე დარჩენილი ნაწილის, მოწესრიგება.
ამის გასარკვევად ამჯერადაც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ პირს დავუკავშირდით, თუმცა, კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ _ ლევან ჩხაიძის თქმით, ამ ეტაპისთვის არ არის გადაწყვეტილი, ქალაქის რომელ ქუჩაზე დაიგება ასფალტის საფარის და შესაბამისად, არც ისაა ცნობილი, მოხდება თუ არა ქუჩების ჩამონათვალში ზემოთ ნახსენები ტერიტორია, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია.































































