Unian-ის ინფორმაციით, იურისტი ილია ნოვიკოვი, ამბობს, რომ რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელი მეზღვაურების საქმის მოსმენა მომავალ წლამდე არ დაიწყება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმის სასამართლომდე მისვლა არ მოხდეს.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ სასამართლომ საქმის მოსმენა 1 წელზე ნაკლებ დროში დაიწყოს. უმოკლესი ვადა, როცა შეიძლება სასამართლო შედგეს 6 თვეა, თუმცა, ეს არარეალურია. მსგავს სასამართლოებზე განაჩენი მზად არის და სასამართლო პროცესი მხოლოდ ფორმალობაა“,_ამბობს იურისტი.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 უკრაინელი მეზღვაური ნოემბერში, ქერჩის სრუტეში დააპატიმრა. მათ ბრალად ედებათ მოსკოვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სათანადო ნებართვის გარეშე ცურვა. უკრაინამ მომხდარს თავდასხმა უწოდა.
დაპატიმრებული მეზღვაურები ბრალს არ აღიარებენ და თავს ომის პატიმრებს უწოდებენ.