საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საუკუნის პროექტი – რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, რიკოთის მაგისტრალური გზა 52 კილომეტრის სიგრძისაა და მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს. ახალი მაგისტრალი გვერდს უვლის ყველა დასახლებულ პუნქტს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სატრანსპორტო ნაკადს დასახლებებში და ზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას. გზა 8 კილომეტრით ამცირებს მგზავრობის მანძილს და ანახევრებს გადაადგილების დროს.
“არსებობს უბრალოდ გზები და არსებობს სტრატეგიული ფუნქციის გზები, რომელიც ქმნის ქვეყნის განვითარების წინაპირობას-ასეთია რიკოთი“-განაცხადა ოფიციალური ინფორმაციით ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, 30 დეკემბრის შუადღიდან მოძრაობა რიკოთის 52 კმ-იან ახალ, 4 ზოლიან ჩქაროსნულ გზაზე სრულად გაიხსნება.
































































