“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი არხის ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლასა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ჩვენი არხის ჟურნალისტს, მარიამ გეგუჩაძეს, უარი ეთქვა პარლამენტში შესვლაზე და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაზე.
მარიამ გეგუჩაძე არის ჟურნალისტი და ის მუშაობს გადაცემაზე “თქვენი ხმა”. მას გადაცემისთვის ესაჭიროებოდა პარლამენტში შესვლა ოთხშაბათს, 10 თებერვალს, რათა ხუთშაბათის 11 თებერვლის გადაცემისთვის ჩაეწერა ინტერვიუები დევნილების თემაზე.
პანდემიის პირობების გათვალისწინებითაც, არხის წარმომადგენლებმა შესთავაზეს პარლამენტის პრესსამსახურს, პარლამენტში “მთავარი არხის” გადამღები სხვა ჯგუფის დროებით გამოყვანა და „თქვენი ხმის“ ჟურნალისტის შეშვება. მიუხედავად ამისა, პარლამენტის მხრიდან იყო უარყოფითი პასუხი დისკრიმინაციული მოტივით – მარიამ გეგუჩაძის სამოქალაქო აქტივიზმის გამო.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მან არ შეუშალოს ხელი ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და შეწყვიტოს მისი დისკრიმინაცია”, _ ნათქვამია განცხადებაში.