“საკითხი, რომელზეც დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ, ეს გახლავთ ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია”, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება.
„ეს კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ჩვენ ეპიდემიამ და კრიზისმა დაგვანახა. მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში _ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა. ეს უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების აუცილებლობა ხდება, იმისთვის, რომ ფერმერებმა ნორმალურად იმუშაონ, ჩვენმა ბავშვებმა ნორმალურად მიიღონ განათლება და ცხოვრების ჩვეულებრივი დონე, ისეთი, როგორიც არის ქალაქში, მივიტანოთ სოფლად“, _ განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის აპრილის დასაწყისში, გურიაში მყოფმა იმდროინდელმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მაშინაც პრიორიტეტად დაასახელა:
“განათლების რეფორმა და ამ სფეროში ინვესტიციების გახორციელება არის ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. გურიაში რამდენიმე ახალი სკოლა შენდება. ამასთან ერთად, არის რესურსი გამოთავისუფლებული, იმისთვის, რომ გავაორმაგოთ სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა. ჩემი ინტერესის საგანია ინტერნეტიზაციის პროექტი. გურიაში ჩვენ გვაქვს ადგილები, სადაც არის პრობლემა და ბუნებრივია, სკოლებისა და ბაღების განვითარების პარალელურად არის სურვილი, რომ ეს პროექტიც დავაჩქაროთ“, _ თქვა მაშინ ბახტაძემ.