ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. რუბიო ამერიკელი ხალხის სახელით ულოცავს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს და ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, საქართველოს ხალხს გილოცავთ თქვენს ეროვნულ დღესასწაულს. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად და ჩვენი ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად“, — აღნიშნულია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
მარკო რუბიომ მიმართვაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის ურყევი პოზიცია:
„შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ მათი მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ“.



































































