საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ერთობლივ ადგილობრივ განცხადებას ავრცელებენ. დიპლომატიური მისიები გულითადად ულოცავენ ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს და ხაზს უსვამენ ქვეყნის ისტორიულ, ევროპულ სწრაფვას.
„საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა, რითაც დაადასტურა სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის შესახებ საკუთარი ხედვა. დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის სულისკვეთება დღეს საქართველოს საზოგადოებაში ღრმა გამოძახილს ჰპოვებს. საქართველოს ისტორიაში ვხედავთ ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ მუდმივ სწრაფვას“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპელი პარტნიორები ყურადღებას ამახვილებენ იმ ვალდებულებებსა და რეფორმებზე, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის:
„ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გვერდში უდგანან საქართველოს და საიმედო, გრძელვადიან პარტნიორებად რჩებიან. პროგრესი დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართულებით კვლავაც არსებითია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის“.
განცხადების დასასრულს, ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით: „ამ მნიშვნელოვან დღეს, კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.






































































