ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ტრადიციული „თევზის ფესტივალი“ გაიმართა.
ღონისძიებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, ბავშვთა გასართობი სივრცე და მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს ადგილზე მომზადებული ტრადიციული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდათ. ღონისძიება ბენდ West Fire-ის კონცერტით დასრულდა — აღნიშნულ ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია, მუნიციპალიტეტმა ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში 10 000-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა შოთა მარგალიტაძესთან, რომელიც ბენდ West Fire-ის ერთ-ერთი წევრია.
გარდა ამისა, მთლიან ჯამში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ ფესტივალისთვის 1395 ლარის თევზი იყიდა. ხელშეკრულება კი ინდ მეწარმესთან კახა გოგუაძესთან გააფორმა.
კალმახი (საშუალო) 6 (კ.გ), ერთეულის ღირებულება 25, საერთო ღირებულება 150 ლარი; ბარაბულკა (საშუალო) 6 (კ.გ), ერთეულის ღირებულება 25 ლარი, საერთო ღირებულება 150 ლარი, ორაგული (2 .გ-იანი) 5 (ცალი) ერთეულის ღირებულება 52 ლარი, საერთო ღირებულება 260 ლარი, კეფალი (საშუალო) 20 (კგ) ერთეულის ღირებულება 8 ლარი, საერთო ღირებულება 160 ლარი, ზუთხი (3 კ.გ-იანი) 5 (ცალი), საერთო ღირებულება 135 ლარი, საერთო ღირებულება 675 ლარი.
„თევზის ფესტივალი“ პირველად 2022 წელს გაიმართა და მისი დამფუძნებლები ჟურნალისტი ლალი მოროშკინა და სუფსის დეპუტატი ია მოქრია არიან.
წელს ფესტივალი 16 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა უამინდობის გამო გადაიწია და 23 სექტემბერს ჩატარდა.































































