ოზურგეთის ტექნოპარკში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე და ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე მეწარმეებს შეხვდნენ. მათ შეხვედრის მონაწილეებს ბიზნესის და მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
„მცირე ბიზნეს პროექტების დაფინანსება, ახალი სამუშაო ადგილები, ეკონომიკური განვითარება ჩვენი მთავარი საზრუნავია და ამ კუთხით ოზურგეთის მერია აქტიურად იმუშავებს შემდეგი წლების განმავლობაში,“– აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.
სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია ან პირველად მონაწილეობს, ასევე – მეწარმეს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში განიხილება 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა.
(R)