საქართველოს პარლამენტის წევრების გრიგოლ ლილუაშვილისა და პაატა მხეიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით მუნიციპალიტეტებში კოლეგიური აღმასრულებელი ორგანოს მმართველი საბჭოების შექმნა იგეგმება.
ავტორები კანონპროექტის მიღების მიზეზად მიიჩნევენ იმ ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო-მერი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს, რაც პრაქტიკაში წარმოშობს პასუხისმგებლობის გადანაწილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
კანონპროექტის ავტორების აზრით მუნიციპალიტეტებში მმართველი საბჭოს არსებობა და მისთვის აღმასრულებელი საქმიანობის სფეროში უფლებამოსილებათა ფართო სპექტრის მინიჭება, ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის გადანაწილებას და გახდის გადაწყვეტილების მიღების პროცესს უფრო გამჭვირვალეს,
პროექტის თანახმად, მერია წარმოადგენს აღმასრულებელი ორგანოების სისტემას, ნაცვლად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულებისა.
თვითმმართველობის კოდექსს დაემატება 561 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს ფუნქციებს, შემადგენლობას და საქმიანობის წესს. მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს შემადგენლობაში შევლენ მერი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. ხოლო საბჭოს მთავარი მიზანი იქნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებათა აღსრულება და გადაწყვეტილებების მიღებისას პასუხისმგებლობის გადანაწილება.
პროექტის თანახმად, ცვლილება ხორციელდება კოდექსის 57-ე მუხლში და დეტალურად გაიწერება მერის პირველი მოადგილისა და მოადგილეების დანიშვნის წესი.
პროექტის თანახმად, მერის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს საკრებულოს თანხმობით თანამდებობებზე დანიშნავს მერი.