დღეს, 8 ივნისს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ძალა ერთობაშია – გაერთიანებული ოპოზიციის” ბლოკში შემავალ პარტიებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოში შევა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება. ამით, პარტიის 7-თვიანი ბოიკოტი დასრულდება.
გარდა ამისა, 7 ივნისს “ნაციონალურმა მოძრაობამ” საპარლამენტო ფრაქციაც შექმნა, რომლის თავმჯდომარეც ხატია დეკანოიძე იქნება.
ბოიკოტის დასრულების შესახებ მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გამართულ ბრიფინგზე თქვა, პარტიის საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ბრძოლის გაგრძელებას ნიშნავს და ისინი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს კომფორტის ზონას არ დაუტოვებენ.
პარლამენტში შესვლის მიუხედავად “ნაციონალური მოძრაობა” ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს. როგორც პარტიაში ამბობენ, ისინი ამნისტიის პუნქტს არ ეთანხმებიან.