ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის მსვლელობის მონაწილეები, უკვე პრეზიდენტის რეზიდენციასთან არიან. ათონელის ქუჩაზე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. “მთავარი არხის” სახეები, თანამშრომლები, სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი და მოქალაქეები “მთავარი არხის” ეზოში შეიკრიბნენ და აქციას ფეხით მსვლელობით შეუერთდნენ.
ჩუბინაშვილიდან ათონელის ქუჩამდე ისმოდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. სწორედ ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის, სალომე ზურაბიშვილს აქციის მონაწილეები მისი დისკრეციული უფლების გამოყენებისა და ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ. ევრორეკომენდაციების 12 პუნქტში მე-7 პუნქტი სწორედ მედიას ეხება და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის გამოგონილი ბრალდებით პატიმრობაზეა საუბარი.
სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა. სწორედ ბრიუსელში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრები პრეზიდენტს ამ აქციით ახსენებენ ევროპის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას – არ ჰყავდეს ქვეყანას პოლიტიკური პატიმარი და კრიტიკული მედიის მენეჯერი ტყვეობაში. აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, ის პროევროპული პოზიცია, რაც მის განცხადებებში ისმის, საქმითაც გაამყაროს.