ოკუპირებულმა ცხინვალმა საქართველოსთან სამი დღის განმავლობაში ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი გახსნა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
საზღვრის ჩაკეტვის მიზეზი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავი და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები იყო. ოკუპირებულ რეგიონში 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ.
ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო პრეზიდენტებმა ერთმანეთს ე.წ. დამოუკიდებლობის წლისთავი მიულოცეს.
გუშინ ოფიციალურმა თბილისმა განცხადება გაავრცელა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადრე თუ გვიან, რუსეთის ფედერაციას მოუწევს, შეცვალოს 2008 წელს მიღებული უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია.