თბილისის ჭადრაკის სასახლეში 7 მაისს დამთავრდა საქართველოს უმაღლესი ლიგის 32-ე ჩემპიონატი 8,12 და 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც შესარჩევი ტურნირებით გამოვლენილი, ქვეყნის საუკეთესო 180 მოჭადრაკე ღებულობდა მონაწილეობას.
გურიის რეგიონიდან მასში ათზე მეტი მოჭადრაკე იყო ჩართული, რომლებსაც ურიგოდ არ უასპარეზია, თუმცა საქვეყნოდ თავი, ყველაზე მეტად 8 წლის ლაზარე ჩხარტიშვილმა ისახელა. მან ცხრა დღიან დაძაბულ მარათონში 7 პარტია მოიგო, 2 ყაიმით ითამაშა და 8 ქულით(!!!), საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა კლასიკურ ჭადრაკში. დღეს ლაზარე ქვეყნის მასშტაბით ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა და მისი შესაძლებლობები იმედს გვაძლევს წარმატებით გააგრძელებს აღმასვლას.
ლაზარე 6 წლიდან სერიოზული დამოკიდებულება აქვს ჭადრაკთან. მან მწვრთნელ ელგუჯა ურუშაძესთან დაიწყო მეცადინეობა და ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოიგო მუნიციპალური და რეგიონალური პირველობები,როგორც თავის ასაკში, ისე მასზე უფროსებში. შარშან იმერეთში გამართულ რესპუბლიკურ ტურნირში გაიმარჯვა და მისი ნიჭიერება და გააზრებული თამაში შეუმჩნეველი არ დარჩა ჭადრაკის ცნობილ სპეციალისტებს- კლუბ „მომავალი ჩემპიონების“ მესვეურებს-ფიდეს ინსტრუქტორს ილია კაკუშაძეს და დიდოსტატ დავით მაღალაშვილს.დღეს ლაზარე მათი ხელმძღვანელობით განაგრძობს რთულ საჭადრაკო ლაბირინთებში გარკვევას.
ვიცით,რომ ჭადრაკში „ბურთი მრგვალიაო“ ვერ იტყვი და შემთხვევითი წარმატებებიც პრაქტიკულად გამოირიცხება. ამაზე მეტყველებს ლაზარეს წლევანდელი შედეგებიც: 1. ფოთში, საქართველოს I ლიგის ჩემპიონატში, 2. ლანჩხუთში,ნ.ჟორდანიას საერთაშორისო ტურნირში, 3. თბილისში, საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში 9 წლამდე ასაკში, სადაც ბრინჯაოს მედალთან ერთად მსოფლიო პირველობის საგზური აიღო შესაბამისი დაფინანსებით. და ეხლა 4. თბილისში, საქართველოს ჩემპიონატი კლასიკურ ჭადრაკში, ვიცე ჩემპიონობა და ევროპის პირველობის(რუმინეთი) საგზური შესაბამისი დაფინანსებით. 5. რეგიონალურ და მუნიციპალური ჩემპიონატები და ტურნირები თავისთავად. აღნიშნულ წარმატებას ვულოცავთ ლაზარეს, მის მწვრთნელებს და გულშემატკივრებს.
ვუსურვებთ მას წარმატებას ჯერ მსოფლიოს პირველობაზე (ბათუმი,05.06 – 12.06 ივნისი,რაპიდი) და შემდეგ ევროპის პირველობაზე(რუმინეთი, 04.09 – 15.09 სექტემბერი,კლასიკური). ყოჩაღ, ლაზარეს!
ზურაბ ანდღულაძე, ინფორმაციას გურიის ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.