ოზურგეთის მესამე საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები წლების წინ დაიწყო. დასრულებული რომ ეგონათ, მოულოდნელად, უხარისხო სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რაც გარემონტდა ჩამოშალეს და ხელახალი რემონტი დღემდე არ დაწყებულა. ხარაჩოებში მომწყვდეული შენობის ირგვლივ, რომელიც ქალაქის ცენტრალურ (ჭავჭავაძის) ქუჩაზე მდებარეობს, იმდენი ბალახი ამოვიდა თვით გორებად დაყრილ სამშენებლო ნარჩენებზე, რომ შეაძლოა, მალე ეკალბარდმა გადაუაროს.

_ აქ რომ გავივლით, ამ შენობის დანახვისას გული გვიკვდება. ქალაქის ცენტრალური ქუჩაა ჭავჭავაძის ქუჩა და სირცხვილია ამდენხანს ასე გამოიყურებოდეს,_ ამბობენ აქ მოსიარულე ადგილობრივი მცხოვრებლები.
„გურია ნიუსი“ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ლანა თოდუას ესაუბრა.
_ ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, როდის დაიწყება რემონტი. როცა ვიქნებით ინფორმირებული, აუცილებად გეტყვით. რაც შეეხება ბალახს, მალე გაცელვითი სამუშაოები იწყება და აუცილებლად გავასუფთავებთ იქაურობას _ გვითხრა ქალბატონმა ლანამ.

ავტორი

































































