ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე სათვალთვალო ვიდეოკამერები დამონტაჟდება. ვიდეოკამერები, რომლის დამონტაჟებაც უკვე გადაწყვეტილია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს 36 000 ლარი დაუჯდება. ამის შესახებ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. აღნიშნული ინფორმაციის დაკონკრეტება მოითხოვა დეპუტატმა ლევან მგელაძემ:
“ჩვენ გვაინტერესებს ამომწურავი პასუხი, რამდენი ვიდეოკამერა დაიდგმება. საკრებულოზე ზერელედ არის წარმოდგენილი დანართი, ვის სჭირდება ვიდეოთვალის დაყენება, მუნიციპალიტეტს სჭირდება? გვითხარით ვისი დავალებით უნდა გაკეთდეს ეს სათვალთვალო კამერები? რისთვის კეთდება? თუ სამართალდამცავებს სჭირდებათ, მაშინ დააფინანსოს სამინიტრომ, აქ პატარა თანხაზე არ არის საუბარი, 36 000 ლარზეა საუბარი. დააყენოს შსს-მ და უთვალთვალოს მაგათ. ჩვენი გადასახდელი არ უნდა იყოს ეს თანხა, მაშინ პოლიციის მხადარმჭერი პროგრამა გვქონია, დააყენეთ გზაჯვარედინებზე ციმციმები“.
საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ ვიდეოთვალების დამონტაჟებას აქვს სხვადასხვა დატვირთვა:
“თქვენ არ იცით, რა დატვირთვა აქვს ვიდეოთვალს? ეს არაკანონიერია? კი, ბატონო, 36 000 ლარი ჯდება, მაგრამ ოზურგეთი პირველი არ არის, სადაც ვიდეოთვალი უნდა დამონტაჟდეს. ამას ექნება ბევრი დატვირთვა, როგორც პოლიციური, ასევე, საპატრულო თვალსაზრისით. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ პოლიციის მხარდაჭერაა, წერილი შემოსულია შინაგან საქმეთა სამინისტროდან , გაკეთდება 9 ვიდეო თვალი, რომელსაც საპატრულო გააკონტროლებს“.